ქუთაისის საოლქო-საარჩევნო კომისიამ 4 საჩივარი განიხილა
არჩევნები 2017

ქუთაისის საოლქო-საარჩევნო კომისიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში უბნებსა და საოლქო კომისიაში დაწერილი 4 საჩივარი განიხილა. ოთხივე საჩივარი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა შეადგინეს. ამის შესახებ ipn-ი წერს.
საოლქო კომისიამ ხმათა უმრავლესობით ხელფასის 10% დააკლო N 62-ე უბნის თავმჯდომარეს, ამავე უბანზე ნაკადის მომწესრიგებელს კი შენიშვნა მიეცა. საჩივრის ავტორთა თქმით, ნაკადის მოწესრიგებაზე პასუხისმგებელმა პირმა მარკირებაგავლილი ამომრჩეველი უბანზე პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე შეუშვა.
კომისიამ დარღვევად მიიჩნია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ შედგენილ კიდევ ერთ სარჩელში მოყვანილი ფაქტი, რომლის მიხედვითაც, N124-ე უბანზე რეგისტრატორის ფუნქციას არაუფლებამოსილი პირი ახორციელებდა. საჩივრის შინაარსის მიხედვით, მანანა გიორგაძე „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით უბანზე კომისიის წევრის სტატუსით გამოცხადდა და სამი ამომრჩეველიც მიიღო. სინამდვილეში კი იგი კომისიიდან პარტიის მიერ 7 ნოემბერს იყო გამოწვეული. N124-ე უბნის თავმჯდომარე ნათია ნაცვალაძე, რომელსაც კომისიამ დარღვევის გამო გაფრთხილება მისცა, საჩივრების განხილვას არ დასწრებია.
საოლქო კომისიამ არ დააკმყოფილა N18 უბანზე დაწერილი საჩივარი, რომლის მიხედვითაც უბანზე მდივანმა შემაჯამებელი ოქმის შედგენის თარიღი და დრო არასწორად მიუთითა. N76-ე უბნის თავმჯდომარეს კი, სადაც გადასატანი ყუთის სიაში კომისიის ერთ-ერთი წევრის ოჯახის წევრი შეცდომით იყო შეყვანილი, გაფრთხილება მიეცა.
ამასთანავე, საოქლო კომისიამ თავად აღმოაჩინა დარღვევა ორ უბაზე. კერძოდ, კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განმარტებით, N62 და N7-ე უბნების შემაჯამებელ ოქმებს ბეჭედი არ ჰქონდა, რის გამოც აღნიშნული უბნების თავმჯდომარეებს შენიშვნა მიეცა.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ კი ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში 14 ნოემბერს 7 საჩივარი შეიტანა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფიაშვილის თქმით, საჩივრები პროცედურული ხასიათისაა და ისინი არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.
„საიას“ საჩივრებს კომისია 16 ნოემბერს განიხილავს.
საოლქოში საჩივრების შეტანის ვადა 14 ნოემბერს დასრულდა.
12 ნოემბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 6 თვითმმართველ ქალაქსა და თემში გაიმართა. მეორე ტური ჩატარდა: ქუთაისში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთში, ყაზბეგსა და მარტვილში.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 6 თვითმმართველ ქალაქსა და თემში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 33.24%-მა მიიღო.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდა.




