ნანა ქაჯაია
ეუთო: კოორდინატორების დაკვირვების პრაქტიკა შესაცვლელია
არჩევნები 2017

ფოტო: ნანუკა ქაჯაია
ეუთოს დამკვირვებლების განცხადებით, კანდიდატებს მერების არჩევნების მეორე ტურში თავისუფლად მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდათ, თუმცა საარჩევნო კანონმდებლობა ცვლილებებს საჭიროებს. დამკვირვებლებმა ისაუბრეს ასევე შემოსულ საჩივრებზე და არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე მყოფ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებზე, ე.წ. კოორდინატორებზე.
ეუთოს მისიაში მონაწილე დამკვირვებლებს მიაჩნიათ, რომ კოორდინატორების დაკვირვების პრაქტიკა შესაცვლელია, რადგან ამ ხერხით ამომრჩევლებზე ზეგავლენის მოხდენა შეიძლება. მათივე ინფორმაციით, საარჩევნო კომისია კარგად იყო ორგანიზებული.
არჩევნებს ეუთოს 12 მუდმივი და 76 მოკლევადიანი წარმომადგენელი აკვირდებოდა.
12 ნოემბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 6 თვითმმართველ ქალაქსა და თემში გაიმართა. მეორე ტური ჩატარდა: ქუთაისში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთში, ყაზბეგსა და მარტვილში.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 6 თვითმმართველ ქალაქსა და თემში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 33.24%-მა მიიღო.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდა.




