შარაშენიძის შტაბი: ოზურგეთში დახურულ უბანზე უცნობებმა 5 ბიულეტენი შეიტანეს
არჩევნები 2017

კონსტანტინე შარაშენიძე
ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძის შტაბის ცნობით, ოზურგეთში დახურულ უბანზე გაურკვეველი პირები შევიდნენ და, სავარაუდოდ, 5 ბიულეტენი შეიტანეს. ინფორმაციას სააგენტო ipn-ი ავრცელებს.
შტაბის ცნობით, ადგილზეა პოლიციაც, თუმცა მას რეაგირება არ მოუხდენია.
"ამჟამდ დახურულ ოლქში ბეიჯის გარეშე უცხო პირები შედიან და გამოდიან. უბანზე რაღაც შეაქვთ და ჩვენს დამკვირვებლებს არ უშვებენ. პოლიცია რეაგირებას არ ახდენს. სავარაუდოდ, დაკარგული 5 ბიულეტენი შეიტანეს. ამის ეჭვის ვარაუდს რამდენიმე გარემოება გვიჩენს, კერძოდ, ”ქართული ოცნება” ნასაკირალის უბნის გაუქმებას ითხოვს მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ არჩევნები წააგეს. დღეს ნასაკირალში ვითომ ცუდად გახდა კომისიის თავმჯდომარე და ვერ არტყამდა ბეჭედს და ვერ გამოჰქონდა ოქმი უბნიდან. ხელოვნურად აჭიანურებდა სიტუაციას. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა დააფიქსირეს ეს ფაქტი და მათ მაინც გააკეთებინეს ხელმოწერა და დაარტყმევინეს ბეჭედი, რადგან უბანზე არანაირი დარღვევა არ ყოფილა. ამის შემდეგ ეს ოქმი წამოვიდა ოზურგეთის ოლქში, თუმცა, გზაში არაერთხელ შეუქმნეს პრობლემები.
დღეს ბეგლარ სიორიძემ დააანონსა, რომ ხვალ გაიხსნება უბანი და გაუქმედება აუცილებლად. ასევე, კომისიის თავმჯდომარემ განცხადება დაწერა, რომ არეულობის გამო შეეპარა ერთი გაბათილებული ბიულეტენი და უნდა გაიხსნას ეს ყუთი და თუ იპოვნიან ამ ზედმეტს, გაბათილდება.
„სამართლიანი არჩევნები“ გვეუბნება, რომ პირიქით, 4 ბიულეტენით ნაკლებია ყუთში. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ სავარაუდოდ დაკარგული 5 ბიულეტენი შიგნით შეიტანეს. ყველა დამკვირვებელი ამბობს, რომ 4 ბიულეტენით ნაკლებია, თუმცა, კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ერთი ბიულეტენით მეტია", - აცხადებენ შარაშენიძის საარჩევნო შტაბში.
კონსტანტინე შარაშენიძემ მმართველი გუნდის კანდიდატს ბეგრალ სიორიძეს 84 ხმით მოუგო. ცესკოს მონაცემებით, შარაშენიძეს 50.11% აქვს, ხოლო სიორიძეს 49.89%.
12 ნოემბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 6 თვითმმართველ ქალაქსა და თემში გაიმართა. მეორე ტური ჩატარდა: ქუთაისში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთში, ყაზბეგსა და მარტვილში.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდა.




