ოზურგეთის დამოუკიდებელმა კანდიდატმა 50.11%-იანი მხარდაჭერით გაიმარჯვა
არჩევნები 2017

კონსტანტინე შარაშენიძე
ოზურგეთში თვითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ გაიმარჯვა. მან ქართული ოცნების კანდიდატს ბეგრალ სიორიძეს 84 ხმით მოუგო. ცესკოს მონაცემებით შარაშენიძეს 50.11% აქვს, ხოლო სიორიძეს 49.89%.
კონსტანტინე შარაშენიძემ მხარდამჭერებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
ნასაკირალის 59-ე უბნის კენჭისყრის ოქმი, რომლის შედეგების ბათილად ცნობას და უბანზე ხელახალ არჩევნებსაც ქართული ოცნება ითხოვს, ოზურგეთის მე-60 საოლქო საარჩევნო კომისიაში შევიდა.
უბნებზე ხმის მიცემის შეწყვეტის შემდეგ, კონსტანტინე შარაშენიძის მომხრეები მე-60 საოლქო საარჩევნო კომისიისკენ გაემართნენ, რათა როგორც თავად აცხადებდნენ, ამომრჩეველთა ხმები დაეცვათ.
12 ნოემბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 6 თვითმმართველ ქალაქსა და თემში გაიმართა. მეორე ტური ჩატარდა: ქუთაისი, ხაშური, ბორჯომი, ოზურგეთი, ყაზბეგი და მარტვილი.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 6 თვითმმართველ ქალაქსა და თემში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 33.24%-მა მიიღო.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდა.




