დარეჯან ჩხიკვაძე
ოცნება ოზურგეთის სოფელ ნასაკირალის 59-ე უბანზე განმეორებით კენჭისყრას ითხოვს
არჩევნები 2017

გიორგი ღურჯუმელიძე
ფოტო: დაჯი ჩხიკვაძე
ქართული ოცნება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალის 59-ე უბანზე განმეორებით კენჭსყრას მოითხოვს. ამის შესახებ ქართული ოცნების ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღურჯუმელიძემ განაცხადა.
ღურჯუმელიძის თქმით, ამ უბანზე უხეში დარღვევები დაფიქსირდა.
"კერძოდ კომისიის წევრებზე ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებს - გაბათიებულ ბიულეტენებზე გადაწყვეტილების შეცვლის მიზნით, ასევე დღის განმავლობაში განხორციელდა კენჭისყრის შენობაში არაუფლებამოსილი პირების უკანონო შეჭრა, რის შესახებაც დილიდანვე დაიწერა საჩივრები. ჩვენ მოვითხოვთ უბნის გაბათილებას და განმეორებითი კენჭისყრის ჩატარებას", - განაცხადა გიორგი ღურჯუმელიძემ.
ცესკოს ვებგვერდზე, სოფელ ნასაკირალის 59-ე უბნიდან ოქმი საარჩევნო-საოლქო კომისიაში ჯერ შესული არ არის, ვინაიდან ვებგვერდზე შესაბამისი მონაცემი არ ფიქსირდება.
ამ დროისთვის, ოზურგეთში 62 უბნიდან დათვლილია 58 უბანი. წინასწარი შედეგებით კი ოცნების კანდიდატი ბეგლარ სიორიძე მცირედი სხვაობით ლიდერობს - მას 50.16% აქვს, ხოლო დამოუკიდებელ კანდიდატს კონსტანტინე შარაშენიძეს 49.84%.
შარაშენიძის მომხრეები #60 საოლქო საარჩევნო კომისიასთან იმყოფებიან. მათი განცხადებით, ქართული ოცნება ცდილობს არჩევნები სიორიძეს მოაგებინოს, ამიტომ ისინი კომისიასთან ამომრჩეველთა ხმების დასაცავად არიან.
დღეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 6 თვითმმართველ ქალაქსა და თემში გაიმართა. მეორე ტური ჩატარდა: ქუთაისი, ხაშური, ბორჯომი, ოზურგეთი, ყაზბეგი და მარტვილი.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 6 თვითმმართველ ქალაქსა და თემში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 33.24%-მა მიიღო.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდა.




