დავით უსუფაშვილი: არჩევნებში გაიმარჯვა ფულმა, დამარცხდა თავისუფლება და თვითმმართველობა
არჩევნები 2017

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ფულმა და ძალაუფლებამ, დამარცხდა თავისუფლება და თვითმმართველობა“, - ასე აფასებს „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და ოპოზიციური პარტიის ლიდერმა წლევანდელი თვითმმართველობის არჩევნებზე ფრიდრიხ ნაუმანის ფონდში ისაუბრა.
დავით უსუფაშვილის შეფასებით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით წლევანდელ თვითმმართველობის არჩევნებში მოსახლეობის თავისუფლება შეზღუდული იყო. „შენების მოძრაობის“ ლიდერი ამბობს, რომ პარტიის პირველი საარჩევნო შედეგი დამაკმაყოფილებელია.
„ჩვენ მივიღეთ ფორმით არჩევითი, მაგრამ შინაარსით დანიშნული მერი, არადა არჩევნებს მაშინ აქვს აზრი, როდესაც მართლა თავისუფალი გზით ხდება თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირების გამოვლენა. 2020 წლისთვის „შენების მოძრაობაც“ და ბევრი სხვა პოლიტიკური ძალაც გაცილებით უკეთ იქნება მომზადებული იმ პრობლემებთან გასამკლავებლად, რაც ამ არჩევნებზე ვნახეთ და ქვეყანა საბოლოოდ წინ წავა, უბრალოდ ჩვენ ვკარგავთ ბევრ დროს, ბევრ რესურსს, რაც მთავარია ვკარგავთ მოსახლეობის იმედსა და ნდობას დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი. თავად „შენების მოძრაობისთვის” ეს იყო პირველი პოლიტიკური აქტიური ნაბიჯები, ჩვენი შედეგები დამაკმაყოფილებელია. ჩვენ 17 მუნიციპალიტეტში ვმონაწილეობდით და აქედან 8-ში მოვიპოვეთ წარმატება და გვეყოლება საკრებულოს წევრები“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.




