გიორგი ხუხია
ნარჩემაშვილი: მეჭიაურზე ქუცნაშვილის განცხადებები უხერხულობას მიქმნის
არჩევნები 2017

კობა ნარჩემაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ნარჩემაშვილი თიანეთის ოლქის მერად თამაზ მეჭიაურის არჩევას და სასამართლოს დღევანდელ განცხადებას ეხმაურება. როგორც მან ტელეკომპანია "მაესტროსთან" ინტერვიუში განაცხადა, როცა გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი სასამართლო იღებს, სუბიექტური შეფასებების გაკეთება მიზანშეწონილი არ არის.
"აბსოლუტურად გულწრფელად მინდა ვთქვა: ამ ძალიან კარგად ჩატარებულ არჩევნებს, რომელსაც, პოლიტიკური ოპონენტების გარდა, ეჭვის ქვეშ არავინ აყენებს, არ მინდა რამით ჩრდილი მიადგეს. ესე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ქვეყანას აქვს დამოუკიდებელი სასამართლო და სასამართლომ უნდა თქვას ვის ეკუთვნის გამარჯვება", - აცხადებს ნარჩემაშვილი.
რაც შეეხება უმრავლესობის დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილისა და თამაზ მეჭიაურის დაპირისპირებას, კობა ნარჩემაშვილი არასასიამოვნო ფაქტად მიიჩნევს.
"უხერხულობას მიქმნის ასეთი განცხადებები, მაგრამ ჩემი აზრით ზაქრო ბევრ საკითხთან დაკავშირებით გააკეთებს განცხადებას - რა რა კონტექსტში თქვა", - აცხადებს დეპუტატი.
ქუცნაშვილი თავის ნათესავს, თამაზ მეჭიაურს საჯაროდ ლოთს და კორუმპირებულს უწოდებს.
დღეს მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა თიანეთს მე-19 საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება რომლის მიხედვითაც გაბათილებული ბიულეტენები ხელახლა გადაითვალა. ძალაში დარჩა პირვანდელი მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს.
21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს.




