მარიამ ქართველიშვილი
ბოლნისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე პროცესი ცოტა ხნით შეფერხდა
არჩევნები 2017

ფოტო: მარიამ ქართველიშვილი
ბოლნისის 23-ე საარჩევნო ოლქის მე-20 უბანზე "პრესმედიის" წარმომადგენელი დარღვევებზე საუბრობს. დამკვირვებლის განცხადებით, ცესკოს წარმომადგენლებმა დარღვევების დაფიქსირებაში ხელი შეუშალეს და კომისიის წევრებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.
ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომიისიის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო ვითარებას. მისი განცხადებით, კომისიის წევრებს შორის დაპირისპირება არ ყოფილა და "პრესმედიის" დამკვირვებელმა კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება სცადა. "იქამდე მიიყვანა კომისია, რომ პროტესტის ნიშნად მათ უნდოდათ საარჩევნო პროცედურის შეწყვეტა. ჩვენი ბრძანებით, კომისიამ გააგრძელა მუშაობა და ახლა მშვიდ ვითარებაში გრძელდება ხმის მიცემის პროცესი,"- განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. დღეს საქართველოს მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩევენ.




