ელისაშვილი ნაციონალური მოძრაობის დახმარებაზე უარს აცხადებს
არჩევნები 2017

ალეკო ელისაშვილი
თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატის, ზაალ უდუმაშვილის მიერ შეთავაზებულ დახმარებას, 10 ათასი ხელმოწერის შეგროვებაზე, უარით პასუხობს.
“ძალიან დიდი მადლობა მას ამ შეთავაზებისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მისგან, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხელისუფლება ოპონენტების წინააღმდეგ ხელოვნურ ბარიერებს ხლართავს, თუმცა ამ ხლართებს შეშინებულ “ქართულ ოცნებას“ მე ჩემი მხარდაჭერებით დავურღვევ“, აცხადებს ელისაშვილი imedinews-თან საუბრისას.
ელისაშვილი არ პასუხობს ცესკოს განცხადებას იმის თაობაზე, რომ კომისიაში წარსადგენ სიაში მხარდამჭერთა ოდენობასაც და ვადასაც არა ცესკო, არამედ არსებული კანონმდებლობა საზღვრავს.
“არ ვპასუხობ იმ კომისიას, რომელიც შეშინებული მმართველი გუნდის თამაშს თამაშობს“, - ამბობს ელისაშვილი.
თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ცესკო მერობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის 10 000 ამომრჩევლის ხელმოწერის შეგროვებას 1 კვირაში სთხოვს.
ცესკოში კი განმარტავენ, რომ ელისაშვილმა მცდარი ინფორმაცია გაავრცელა.
ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ ალეკო ელისაშვილის დასახმარებლად უმოკლეს ვადაში შეაგროვოს 10 000 ხელმოწერა.
ალეკო ელისაშვილმა ოფიციალურად თავისი კანდიდატურა მერობის პოსტზე 11 ივლისს წარადგინა. თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი თვლის, რომ არჩევნების მოგებისთვის დიდი თანხა სულაც არ არის საჭირო. მას ხალხისგან დაფინანსების იმედი აქვს.




