Associated Press: ნიუ-იორკში სამსართულიანი შენობის ჩამონგრევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ნანგრევებში მოყოლილებს მაშველები ამ დრომდე ეძებენ
მსოფლიო

ფოტო: AP
ნიუ-იორკის ბრუკლინის რაიონში სამშენებლო მოედნის მიმდებარედ სამსართულიანი შენობა ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი ნანგრევებში მოყვა, იუწყება Associated Press-ი.
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ათობით მეხანძრე და პოლიციელი სპეციალური ხელსაწყოებით, მათ შორის წერაქვებითა და ელექტროხერხებით, ნანგრევებზე საათების განმავლობაში მუშაობდა.
მაშველები ჩამონგრეული კონსტრუქციის ნარჩენებში ხვრელებს აკეთებდნენ, რათა ხის დამტვრეული კონსტრუქციებისა და აგურების ქვეშ მოყოლილი ადამიანები გამოეყვანათ.
ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, სულ მცირე, 17 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ოთხის მდგომარეობა კრიტიკულია.
„ეს უკიდურესად რთული და სწრაფად განვითარებადი მოვლენაა. მაშველებს უწევთ გადაადგილება არამყარ ნანგრევებზე, რომელთა ქვეშაც სახიფათო სიცარიელეებია“, - განაცხადა ნიუ-იორკის მერმა ზოჰრან მამდანიმ. მისივე თქმით, სწორედ ასეთი ტიპის სამაშველო ოპერაციებისთვის გადიან მომზადებას ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტის თანამშრომლები.
ჩამონგრეული შენობა შერეული დანიშნულების იყო. პირველ სართულზე კომერციული ფართები, ზემოთ კი საცხოვრებელი ბინები მდებარეობდა
მერის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე დაახლოებით 250 მეხანძრე მუშაობდა. სახანძრო დეპარტამენტის ინფორმაციით, შემთხვევის დროს ერთმა მეხანძრემ მსუბუქი დაზიანება მიიღო.





