სამმა რუსულმა გამანადგურებელმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია
მსოფლიო

ფოტო: Wikipedia
პარასკევს სამმა რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა ნატოს წევრი ესტონეთის საჰაერო სივრცე 12 წუთის განმავლობაში დაარღვია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ესტონეთის მთავრობის განცხადებით, ეს „უპრეცედენტოდ თავხედური“ ინციდენტი ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე მზარდი დაძაბულობის ფონზე მოხდა.
ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთის 20-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი 9-10 სექტემბერს პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა.
ნატოს თვითმფრინავებმა ზოგიერთი მათგანი ჩამოაგდეს, დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა კი განაცხადეს, რომ რუსეთი ალიანსის მზადყოფნასა და სიმტკიცეს ამოწმებს.
ოფიციალური ტალინის განცხადებით, MiG-31 ტიპის სამი გამანადგურებელი ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა და იქ 12 წუთის განმავლობაში დარჩა.
„წელს რუსეთმა ესტონეთის საჰაერო სივრცე უკვე ოთხჯერ დაარღვია, რაც თავისთავად მიუღებელია, მაგრამ დღევანდელი დარღვევა, რომლის დროსაც ჩვენს საჰაერო სივრცეში სამი გამანადგურებელი შემოვიდა, უპრეცედენტოდ თავხედურია,“ - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარკუს ცაჰკნამ.





