The Telegraph: უკრაინაში Starlink-ის მუშაობის შენელება ტრამპს ილონ მასკმა შესთავაზა
მსოფლიო

ილონ მასკი დონალდ ტრამპი
ფოტო: AFP
The Telegraph-ის ინფორმაციით, ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს უკრაინაში Starlink-ის მუშაობისთვის სიჩქარის შეზღუდვის დაწესება შესთავაზა, რასაც უკრაინის დრონების წინააღმდეგ თავდაცვითი შესაძლებლობებისთვის ხელის შეშლა შეეძლო.
გამოცემის ცნობით, ტრამპი წინადადებას დაეთანხმა, რის შემდეგაც პენტაგონმა თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის სამხედრო ვერსიის, Starshield-ის მუშაობა შეზღუდა.
გამოცემის ინფორმაციით, ამის შესახებ ოთხმა წყარომ ისაუბრა, რომლებიც შესაბამის განხილვებს იცნობენ. ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, მასკის შეთავაზებას ტრამპის თანხმობა მოჰყვა, რამაც პენტაგონს შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობა მისცა.
მანამდე მასკმა უკრაინაში Starlink-ის მუშაობის შეფერხებაზე პასუხისმგებლობა უარყო და განაცხადა, რომ სისტემის გამოყენების სიჩქარისა და მოცულობის შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებებს აშშ-ის სამხედრო უწყებები და საბოლოოდ პრეზიდენტი იღებდნენ.
The Telegraph-ის ცნობით, ამ პერიოდში ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დაპირისპირება გამწვავებული იყო უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებული დარტყმების გამო. მანამდე აშშ-ის ოფიციალური პირები კიევის სამშვიდობო მოლაპარაკებების ჯგუფს აფრთხილებდნენ, რომ თუ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედ დარტყმებს არ შეწყვეტდა, ვაშინგტონი შესაძლოა დაზვერვითი ინფორმაციის გაზიარებასა და სხვა სახის მხარდაჭერაზე უარს იტყოდა.
გამოცემის ცნობით, ზელენსკის ერთ-ერთმა მრჩეველმა მიმდინარე კვირაში განაცხადა, რომ მასკის კომპანია SpaceX-მა უკრაინას Starshield-ზე წვდომა შეუზღუდა. კიევი ამ სისტემას რეაქტიული ძრავით აღჭურვილი დრონების მოსაგერიებლად და რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებზე დარტყმების განსახორციელებლად იყენებდა.
უკრაინის პრეზიდენტმა პარასკევს, ბრიუსელში გამართული ევროკავშირის სამიტის ფარგლებში, სისტემის მუშაობის შენელებას „ძალიან საშიში და უსიამოვნო სიურპრიზი“ უწოდა.





