Reuters: ალბანეთში პრემიერის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება - დემონსტრანტებმა შენობების ფანჯრები ჩაამსხვრიეს
მსოფლიო

ფოტო: Reuters
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გვიან ღამით ათასობით ახალგაზრდა გამოვიდა ქუჩებში და პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომა მოითხოვა. ინფორმაცია Reuters-ი ავრცელებს.
სტუდენტების ხელმძღვანელობით მიმდინარე საპროტესტო კამპანია უკვე მეოთხე დღეა გრძელდება და სულ უფრო მეტად ძალადობრივ ხასიათს იღებს. დემონსტრანტებმა ჩაამსხვრიეს შენობების ფანჯრები და შუქნიშნები, იუწყება სააგენტო.
წუხელ დემონსტრანტებმა დააზიანეს შენობები, შეიჭრნენ ბანკში და პოლიციას დაუპირისპირდნენ. აქციებს წინ უძღოდა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარე ძირითადად მშვიდობიანი გამოსვლები, რომელთა მონაწილეების თქმით, ხელისუფლებამ მათი მოთხოვნები უგულებელყო.
სტუდენტები ხელისუფლების წარმომადგენლებს კორუფციაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მთავრობა განათლების სფეროს სათანადო ყურადღებას არ უთმობს. მათ აღშფოთებას იწვევს ალბანეთის ხელუხლებელი სანაპირო ზოლის ნაწილის გაყიდვაც ძვირად ღირებული საკურორტო კომპლექსის ასაშენებლად. პროექტს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი უჭერს მხარს.
როგორც Reuters-ი წერს, არეულობა სერიოზულ გამოწვევას უქმნის ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ედი რამას, რომელმაც გასულ წელს მთავრობის თავმჯდომარის სავარძელი მეოთხე ვადით დაიკავა. მისი ერთ-ერთი მთავარი დაპირება ალბანეთის ევროკავშირში გაწევრიანებაა, რისი მიღწევაც მას 2028 წლისთვის სურს.
„ძალადობას არ დავემორჩილებით“, - დაწერა რამამ Facebook-ზე.





