POLITICO: ევროკავშირის ლიდერები მიგრაციის, უკრაინისა და ბიუჯეტის საკითხებზე კამათობენ, თუმცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას აჭიანურებენ
მსოფლიო

ანტონიუ კოშტა ვოლოდიმირ ზელენსკი ურსულა ფონ დერ ლაიენი
ფოტო: AFP via Getty Images
ბრიუსელში გამართული ორდღიანი სამიტის მიუხედავად, ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის შემდგომი დაფინანსების, მიგრაციისა და ბიუჯეტის საკითხებზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ვერ მიიღეს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელ პარტნიორებს მოუწოდა, კიევისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფის გეგმა შეიმუშაონ და გააფრთხილა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპას შესაძლოა უპრეცედენტო მიგრაციულ კრიზისთან გამკლავება მოუწიოს.
ევროპული საბჭოს სამიტზე, რომელიც ხუთშაბათსა და პარასკევს გაიმართა, ლიდერებს შორის კლიმატური პოლიტიკის, მიგრაციისა და უკრაინის გრძელვადიანი ფინანსური საჭიროებების შესახებ აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა. თუმცა, მიუხედავად გადაუდებელი მოქმედების მოწოდებებისა, ძირითად საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება სამომავლოდ გადაიდო, წერს გამოცემა.
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც სამიტში მონაწილეობის მისაღებად ბელგიაში ჩავიდა, ევროპელ პარტნიორებს მოუწოდებს, ქვეყნის დაფინანსების საკითხზე კონკრეტული გეგმა შეიმუშაონ.
„ომი მომავალ წელს 155 მილიარდი ევრო დაგვიჯდება. თქვენგან კი დამატებით, სულ მცირე, 70 მილიარდი ევრო გვჭირდება თავდაცვისთვის, იარაღისა და ჩვენი მედეგობის უზრუნველსაყოფად. ეს რეალისტური თანხაა. გთხოვთ, იპოვოთ ეს მხარდაჭერა. ის დაგვეხმარება რუსეთი შევაკავოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე გააფრთხილა ევროპელი ლიდერები, რომ მხარდაჭერის გარეშე შესაძლოა ევროპას უპრეცედენტო მიგრაციულ კრიზისთან გამკლავება მოუწიოს და ევროპაში 20 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი ჩავიდეს.
POLITICO-ს ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქები უკრაინის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად დაფინანსების სხვადასხვა გზის განხილვას განაგრძობენ. მათ შორისაა ევროკავშირის მიერ ახალი სესხის გამოყოფის შესაძლებლობაც.
ერთ-ერთი მთავარი სადავო საკითხი რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენებაა. საუბარია დაახლოებით 300 მილიარდ ევროზე, რომლის მობილიზებაც უკრაინის დასახმარებლად განიხილება. თითქმის ერთი წლის წინ ევროკავშირის ლიდერებმა ამ აქტივების გამოყენებაზე უარი თქვეს ბელგიის, საფრანგეთისა და იტალიის წინააღმდეგობის გამო. თუმცა, რამდენიმე ქვეყანამ საკითხის ხელახლა განხილვა მოითხოვა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა კი განაცხადა, რომ გაყინული აქტივების გამოყენება ბრიუსელის სამიტზე განსახილველ საკითხებს შორის იქნებოდა.
მიუხედავად ამისა, სამიტის დასრულების შემდეგ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ ამ მიმართულებით პროგრესი არ ყოფილა.
„არაფერი შეცვლილა. ფული დაკარგული არ არის, მაგრამ, ჩემი აზრით, მას შემდეგ, რაც ეს საკითხი ბოლოს განვიხილეთ, არაფერი მომხდარა“, - აღნიშნა კრისტერსონმა.
მისივე თქმით, მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინის დასახმარებლად საჭირო თანხები გაყინული აქტივებისგან განსხვავებული წყაროებიდან უნდა მოიძებნოს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიუ კოშტას განცხადებით, ლიდერებმა უკრაინის 2027 წლის დაფინანსების გეგმის შემუშავებას დიდი დრო არ დაუთმეს, თუმცა შეთანხმდნენ, რომ ქვეყნის დამატებითი ფინანსური საჭიროებები უნდა დაკმაყოფილდეს.
„ჩვენ დაუყოვნებლივ შევთანხმდით, რომ 2027 წელს უკრაინის დამატებითი ფინანსური საჭიროებების საკითხი უნდა გადავჭრათ და ევროკომისიას კონკრეტული წინადადების მომზადება დავავალეთ“, - განაცხადა კოშტამ.
თუმცა, სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციებზე ევროკავშირის ლიდერებს დაფინანსების არცერთი კონკრეტული ვარიანტი არ დაუმტკიცებიათ.





