ქართული ღვინის კომპანიებისთვის სანქციების მოხსნის ნაცვლად, რუსეთი შეზღუდვების კიდევ ორ კომპანიაზე გავრცელებას გეგმავს
ქართული ღვინის კომპანიებისთვის სანქციების მოხსნის ნაცვლად, რუსეთი შეზღუდვების კიდევ ორ კომპანიაზე გავრცელებას გეგმავს. ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა „იმედი ლაივთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ეს ინფორმაცია მიხაილ გალუზინმა მინსკში გამართულ შეხვედრაზე მიაწოდა. ზურაბაშვილის თქმით, ქართული მხარე შეზღუდვების მოხსნასა და კომპანიების ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნებას ითხოვდა. გალუზინმა სანქციების მიზეზებად ღვინის ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიები, უკრაინის ომის დაფინანსება და ანტირუსული პროპაგანდა დაასახელა. ზურაბაშვილი ამბობს, რომ გალუზინს ამ ბრალდებების დამადასტურებელი ფაქტები არ წარუდგენია. ინტერვიუში მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად დიალოგია საჭირო.













