ირაკლი კობახიძე: მადლობა მაკა ბოჭორიშვილსა და სულხან თამაზაშვილს, რომლებიც მყისიერად ჩაერთვნენ მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის უფლებების სათანადოდ დაცვის უზრუნველსაყოფად. ასევე, მადლობა არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას გულისხმიერებისა და სამართლიანი მართლმსაჯულებისათვის
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
პრემიერი არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას გულისხმიერებისა და სამართლიანი მართლმსაჯულებისათვის მადლობას უხდის.
„როგორც ცნობილია, მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა დღეს დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. მადლობა მინდა გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს, რომლებიც მყისიერად ჩაერთვნენ კოორდინაციაში მათი უფლებების სათანადოდ დაცვის უზრუნველსაყოფად. მადლობა მათ, ვინც მერაბისა და საბასთვის საადვოკატო მომსახურებისა და ჯარიმის ხარჯები სრულად დაფარა.
ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას გულისხმიერებისა და სამართლიანი მართლმსაჯულებისათვის. მათ მიიღეს სამართლიანი გადაწყვეტილება როგორც მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის განთავისუფლებასთან დაკავშირებით, ისე იმ პირთა მიმართ, რომლებიც მათ სრულიად უღირსი ფორმით დაესხნენ თავს. მერაბს და საბას ვუხდი მადლობას ღირსებისთვის და ვუსურვებ სამომავლო წარმატებებს სპორტულ კარიერაში!“, - აღნიშნავს მთავრობის მეთაური.





