რატი იონათამიშვილი: საზოგადოებამ კარგად იცის, რომ პირდაპირ კეთდებოდა განცხადებები, რომლითაც არა მხოლოდ კონსტიტუციის, არამედ სახელმწიფოს დანგრევა და დაშლა სურდათ. ახლა რა გასაღებებზეც არ უნდა ისაუბრონ, ამას აზრი აქვს დაკარგული
პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა, რომ საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, თუ რა მოწოდებები კეთდებოდა კონსტიტუციური წესრიგისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ.
მისი თქმით, ოპოზიციას ყველაზე მეტად ის აშინებს და არ აწყობს, რომ დღეს საქართველოში უსაფრთხოება მაღალი სტანდარტით არის დაცული და ქვეყანაში მშვიდობა სუფევს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს რომ ვუსმენდი, უფრო „ილფი და პეტროვი“ გამახსენდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გასაღებზე დაიწყეს საუბარი. ასეთი მიდგომებით ძალიან სამარცხვინო მდგომარეობაში იგდებენ თავს, თუმცა ამის გამო მათ პრობლემა არ ექმნებათ და ესეც მათი უბედურების ნაწილია.
საზოგადოებამ ხომ კარგად იცის, რასთან გვაქვს საქმე. როდესაც ამბობენ, იქნებ სათამაშო გასაღები იყოო, მაშინ, როცა პირდაპირი მოწოდებები კეთდებოდა, რომ ხელში უნდა ჩაეგდოთ პრეზიდენტის სასახლის გასაღები, რომ მამაკაცურ ძალას უნდა მოეწოდებინა და შტურმით აეღოთ და ა.შ. პირდაპირ ძალადობრივი, ხელისუფლების დამხობისკენ მიმართული განცხადებები კეთდებოდა.
ამ განცხადებებით მათ არა მხოლოდ კონსტიტუციის, არამედ პირდაპირ სახელმწიფოს დანგრევა და დაშლა სურდათ. ისიც ხომ კარგად იცით, რატომ უნდოდათ ეს? იმიტომ, რომ მათ ყველაზე მეტად ეშინიათ და არ აწყობთ ის, რომ დღეს საქართველოში უსაფრთხოება მაღალი სტანდარტით არის დაცული და ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა სუფევს. ამას ყველაზე მეტად ვერ იტანენ.
ამაზეც ხომ საუბრობდნენ ღიად — რომ მშვიდობას ურჩევნიათ, ბომბების წვიმა ცვიოდეს თბილისის თავზეო. თვითონ არ ამბობდნენ ამას კოლექტიური სახეები? გაემიჯნა ვინმე მათ ამ განცხადებებს? 4 ოქტომბრის ქმედებებს გაემიჯნა ვინმე? რა თქმა უნდა, არა — პირიქით.
ახლა რა გასაღებებზეც არ უნდა ილაპარაკონ, ამას ყველაფერს ჩვენი საზოგადოების წინაშე აზრი დაკარგული აქვს“, — განაცხადა იონათამიშვილმა.





