სლოვაკი ჟურნალისტის მკვლელობის გამო, კულტურის მინისტრმა პოსტი დატოვა
მსოფლიო

მარეკ მადარიკი
ფოტო: facebook
სლოვაკეთში კულტურის მინისტრმა, სლოვაკი ჟურნალისტის მკვლელობის გამო, პოსტი დატოვა, აღსანიშნავია, რომ მარეკ მადარიკი წლების განმავლობაში პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოს პარტიის წევრი იყო. ამის შესახებ Financial Times-ი წერს.
როგორც მან განაცხადა, მისთვის იმდენად შოკისმომგვრელი იყო თავის ქვეყანაში ჟურნალისტის მკვლელობა, რომ მთავრობაში მუშაობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს.
თანამდებობა დატოვეს კიდევ ორმა პოლიტიკოსმა, რომლებიც მმართველი მემრცხენე-ცენტრისტული პარტიის წევრები იყვნენ.
ისინი მოკლული ჟურნალისტის, იან კუჩიაკის საგამოძიებო ანგარიშში ფიგურირებდნენ. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ვილიამ იასანი და პრემიერმინისტრის მრჩეველი მარია ტროსკოვა აცხადებენ, რომ არავითარი კავშირი არ აქვთ ჟურნალისტის მკვლელობასთან.
კუჩიაკის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მასალების მიხედვით, ამ ორ პოლიტიკოსს მთავრობაში მოსვლამდე კავშირები ჰქონდა იტალიელ ბიზნესმენთან. თუმცა, ამ ანგარიშში საუბარი არ იყო რაიმე დანაშაულის შემცველ ქმედებებზე.
მათ გადადგომის გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრისა და ოპოზიციონერი პარტიების მოწოდებების შემდეგ მიიღეს.
სლოვაკი ჟურნალისტის მკვლელობის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ მთავრობა მილიონ ევროს გადაიხდის. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა განაცხადა.
მედიაში წერენ, რომ შესაძლოა ჟურნალისტი იტალიური მაფიის წევრებმა მოკლეს.
26 თებერვალს სლოვაკეთში გამომძიებელი ჟურნალისტი და მისი მეგობარი გოგო მოკლეს. სლოვაკეთის პოლიციის ცნობით, იან კუჩიაკს და მისი მეგობარ ქალს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რაც სავარაუდოდ, ჟურნალისტის საქმიანობას უკავშირდება.
სტატიის მიხედვით ირკვევა, რომ 27 წლის კუჩიაკი და მისი მეგობარი გარდაცვლილები თავიანთ სახლში, ქალაქ ველკა მაჩაში იპოვეს.
მოკლული ჟურნალისტი იან კუჩიაკი მუშაობდა ინტერნეტგამოცემისათვის Aktuality.sk. მისი ბოლო სტატია, რომელიც 9 თებერვალს გამოქვეყნდა, ეხებოდა ბრატისლავაში ფეშენებელური საცხოვრებელი კომპლექსის გარშემო გადასახადებთან დაკავშირებულ სავარაუდო თაღლითობას.





