პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებული ბოგდან სვეჩკოვსკი: ხელისუფლებამ დღეს აჩვენა, რომ მზადაა, წავიდეს ნებისმიერ უკანონობაზე, ხელისუფლების ქმედებები დამოუკიდებელი საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ პოლონეთს დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს წრიდან გამორიცხავს და მსოფლიოში პრეცედენტი არ გააჩნია
მსოფლიო

ბოგდან შვეჩკოვსკი
ფოტო: ვიდეო/კადრი
პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებული ბოგდან სვეჩკოვსკი ღამით ტრუბუნალში განვითარებულ მოვლენებს „სახელმწიფო გადატრიალების“ მცდელობას უწოდებს.
მისი თქმით, ხელისუფლებამ აჩვენა, რომ მზად არის, ნებისმიერ უკანონობაზე წავიდეს. განცხადება სვეჩკოვსკიმ ტრიბუნალის შენობის წინ გააკეთა, სადაც მას შესვლის უფლება არ მისცეს.
„ტრიბუნალი შედგება მოსამართლეებისგან, რომლებიც კანონის შესაბამისად არიან დანიშნული და არა უზურპატორებისგან, რომლებიც იქ უკანა კარიდან შეიჭრნენ სამთავრობო სამართალდამცველების თანხლებით და პოლიციის კორდონით შემოისაზღვრეს თავი, რადგან პოლონელების ეშინიათ. ჩვენ საქმე გვაქვს სახელმწიფო საკონსტიტუციო ორგანოზე თავდასხმასთან, სახელმწიფო გადატრიალებასთან. ამ ხელისუფლებამ დღეს აჩვენა, რომ მზად არის, წავიდეს ნებისმიერ უკანონობაზე. ხელისუფლების ქმედებები დამოუკიდებელი საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ, პოლონეთს დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს წრიდან გამორიცხავს და მსოფლიოში პრეცედენტი არ გააჩნია“, - განაცხადა ბოგდან სვეჩკოვსკიმ.
ცნობისთვის, პოლონეთში საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 30 ოქტომბერს, გვიან ღამით სასამართლოს საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მოსამართლემ ანა კორვინ-პიოტროვსკამ ერთი თვით უფლებამოსილება შეუჩერა სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს ბოგდან სვეჩკოვსკის და მის მოადგილეს, ბართლომე სოხანსკის. ამ გადაწყვეტილებამ ხალხში უკმაყოფილება გამოიწვია. ადამიანებმა სასამართლოს შენობასთან აქცია გამართეს, რომელიც დაკავებებით დასრულდა.





