მელონი: ევროკავშირის ბიუჯეტზე შეთანხმებამდე სინათლის წლები გვაშორებს
მსოფლიო

ჯორჯია მელონი
ფოტო: Getty Images
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ევროკავშირის ბიუჯეტის შესახებ შეთავაზებულ კომპრომისულ გეგმებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
მისი განცხადებით, შეთანხმების მიღწევა უახლოეს მომავალში ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან იტალიას ბიუჯეტის პირობების შეცვლა სურს.
„ამ პრობლემის გადაჭრისგან სინათლის წლებიც გვაშორებს. ამას ვამბობ იმისთვისაც, რომ დროის საკითხთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია განვმარტო. არსებობს ზოგადი მოწოდება, რომ შეთანხმებას დეკემბრის ბოლომდე მივაღწიოთ, თუმცა არ ვაპირებ ამ საკითხში ვადებმა მიკარნახოს. ჩემთვის დროის ლიმიტი არ არსებობს. არსებობს კონკრეტული პირობები. შეთანხმებას ხელს მაშინ მოვაწერ, როდესაც ის იტალიისთვის მისაღები და სამართლიანი იქნება“, - განაცხადა მელონიმ.
მისი თქმით, იტალია ევროკავშირის ბიუჯეტის ზოგადი გადახედვისა და თანხების გადანაწილების მომხრეა. რომის უკმაყოფილებას იწვევს როგორც ევროკავშირის მასშტაბით ახალი გადასახადების შემოღების გეგმა, რომელიც, მელონის შეფასებით, იტალიაზე არაპროპორციულ გავლენას მოახდენს, ისე ტრადიციული პრიორიტეტებისთვის, მათ შორის სოფლის მეურნეობისა და რეგიონული განვითარების დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხების შემცირება.





