ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის დაფინანსების ევროკავშირის წევრი ქვეყნების დაფინანსებასთან მიბმას ეწინააღმდეგება
მსოფლიო

ანდრეი ბაბიში
ფოტო: Getty Images
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ეწინააღმდეგება უკრაინის ფინანსური დახმარების ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის განკუთვნილ დაფინანსებასთან დაკავშირებას.
ამის შესახებ მან ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
ჟურნალისტებთან საუბარი ბაბიშმა სწორედ იმ განცხადებით დაიწყო, რომ უკრაინის დაფინანსება რეგიონული პოლიტიკის დაფინანსებას არ უნდა დაუკავშირდეს.
„ევროკავშირის ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ ერთიანობა ის მიზანია, რომლითაც ევროკავშირი შეიქმნა. ერთიანობა სხვადასხვა რეგიონში ცხოვრების თანაბარ დონეს ნიშნავს. ამიტომ ჩვენ არ ვეთანხმებით წინადადებას, რომ უკრაინის დაფინანსება წევრი სახელმწიფოების დაფინანსებას დაუკავშირდეს“, - განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, ბაბიშმა აღნიშნა, რომ აუცილებელია მიზნად დაისახონ მშვიდობის მიღწევა.
„ჩვენ მშვიდობისთვის უნდა ვიბრძოლოთ. დუბლინში შევთანხმდით, ვინ წარმოგვადგენს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან აღმოვჩნდეთ. ამის შემდეგ კი უკრაინისთვის „მარშალის გეგმა“ უნდა შევიმუშაოთ. დაუშვებელია, ეს ომი გაგრძელდეს და ჩვენ არაფერს ვაკეთებდეთ“, - განაცხადა ბაბიშმა.
მისი თქმით, უკრაინის დაფინანსების საკითხი ცალკე უნდა განიხილონ.
„ჩვენთვის კი პრიორიტეტი საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლეა“, - დასძინა ჩეხეთის მთავრობის მეთაურმა.
ბაბიშმა წევრი ქვეყნებისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო დაფინანსების წილის შემცირებას „აბსოლუტურად მიუღებელი“ უწოდა. მისი თქმით, რევოლუციიდან 37 წლის შემდეგაც კი ჩეხეთს ავსტრიასთან დამაკავშირებელი არცერთი ავტომაგისტრალი არ აქვს.





