კუშნერმა უკრაინა, პუტინის რეზიდენციაზე სავარაუდო თავდასხმის გამო, სამშვიდობო მოლაპარაკებების გაჭიანურებაში დაადანაშაულა
მსოფლიო

ჯარედ კუშნერი
ფოტო: Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა უკრაინა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გაჭიანურებაში დაადანაშაულა.
მისი მტკიცებით, პროცესში შეფერხება 2025 წლის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე უკრაინის მიერ სავარაუდოდ განხორციელებულმა თავდასხმამ გამოიწვია.
კუშნერის განცხადებით, ამჟამად მხარეები ტერიტორიულ საკითხზე ჩიხში არიან შესული.
ამერიკელმა წარმომადგენელმა გაიხსენა, როგორ მიმდინარეობდა მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებები გასული წლის განმავლობაში, მათ შორის პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სექტემბერში გამართული შეხვედრების პერიოდამდე.
„დაახლოებით ერთი წლის წინ მთხოვეს, რომ ამ საქმისთვის ხელი მომეკიდა. ნოემბერში გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ და მუშაობა დავიწყეთ. შემდეგ, დეკემბრის ბოლოს უკრაინელებმა პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა მოაწყვეს, რამაც, ჩემი აზრით, პროცესი უკან დახია“, - განაცხადა კუშნერმა.
მისი თქმით, თებერვლიდან სექტემბრამდე მხარეებს შორის მუდმივი ურთიერთობა გრძელდებოდა, თუმცა აშშ-ში ვერ ხედავდნენ მნიშვნელოვან მოქნილობას ან ორივე მხარის მზადყოფნას, საერთო პოზიციები მოეძებნათ.
კითხვაზე, ნამდვილად სურს თუ არა პუტინს მშვიდობა და ომის დასრულება, კუშნერმა დადებითი პასუხი გასცა, თუმცა აღნიშნა, რომ მთავარ დაბრკოლებად კვლავ ტერიტორიული საკითხი რჩება.
„ვიტყოდი, რომ დიახ, ნამდვილად ვფიქრობ, რომ ის, რაზეც პუტინი ლაპარაკობს, მშვიდობაა. თუმცა ვფიქრობ, რომ ყოველთვის ჩნდება კითხვა - რა პირობებით? არსებობს თუ არა გზა - შევათანხმოთ ის, რაც მას სურს, ის, რაც პრეზიდენტ ზელენსკის სურს და ისიც, რაც ევროპელებს სურთ?... ჩემი შთაბეჭდილებით, პრეზიდენტ პუტინთან და რუსეთის გუნდთან მრავალსაათიანი საუბრის შემდეგ, ტერიტორიულ საკითხზე მოლაპარაკებები ამჟამად გარკვეულ ჩიხშია შესული“, - აღნიშნა კუშნერმა.
კუშნერმა ასევე უარყო ბრალდებები, თითქოს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ზემოქმედებას ახდენს ზელენსკიზე ან უკრაინელებზე. კუშნერის განცხადებით, ამერიკა მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებს, უკრაინისთვის კი, პირიქით, დახმარების გამწევი მხარე და ამ ომში მისი უმსხვილესი დონორია.





