ბულგარეთის პრემიერი: ბულგარეთი უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს სესხს შეუერთდება, თუმცა იარაღის შესაძენად თანხას არ გამოყოფს
მსოფლიო

რუმენ რადევი
ფოტო: AP
ბულგარეთი ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის დაგეგმილ 45 მილიარდი ევროს ოდენობის ახალ ფინანსურ დახმარებას შეუერთდება, თუმცა სამხედრო კომპონენტის დაფინანსებაზე უარს ამბობს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა განაცხადა.
როგორც Euronews-ი იუწყება, სესხი უკრაინის 2027 წლის ომისდროინდელი ბიუჯეტის დეფიციტის დაახლოებით ორი მესამედის დაფარვას ისახავს მიზნად.
„ჩვენ მზად ვართ, რომ მას შევუერთდეთ“, - განაცხადა რადევმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე.
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს თავდაპირველად ინიციატივასთან დაკავშირებით გარკვეული დათქმები ჰქონდა. მისი თქმით, ქვეყანას სახელმწიფო ხარჯების შემცირება სჭირდება, რაც ამჟამად განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა. ამის გამო ბულგარეთი უნგრეთთან, სლოვაკეთთან და ჩეხეთთან ერთად იმ ქვეყნების ჯგუფშია, რომლებიც ახალი სესხის გაცემას მთლიანად ეწინააღმდეგებოდნენ.
თუმცა რადევმა პოზიცია შეცვალა და განაცხადა, რომ ბულგარეთი ინიციატივას მხარს დაუჭერს იმ პირობით, თუ სამხედრო კომპონენტის დაფინანსებისგან გათავისუფლდება.
„უკრაინაში 300 000 ბულგარელი ცხოვრობს. ეს ჩვენი ისტორიული დიასპორაა. ჩვენი სურვილი და მოთხოვნაა, რომ დახმარება უკრაინაში მცხოვრები ბულგარელების საჭიროებებზე იყოს მიმართული. ჩვენ წვლილს შევიტანთ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ბულგარეთისგან არანაირი თანხა არ გამოიყოფა იარაღისთვის და უკრაინაში ომის დასაფინანსებლად“, - განაცხადა რადევმა.
ევროკომისიამ ახალი 45-მილიარდიანი სესხი ორ ნაწილად გაყო: 25 მილიარდი ევრო სამხედრო დახმარებისთვის, მათ შორის იარაღისა და საბრძოლო მასალის შესაძენად, ხოლო 20 მილიარდი ევრო - საბიუჯეტო მხარდაჭერისთვის. სესხის მომსახურების წლიური საპროცენტო ხარჯი 2 - 2,5 მილიარდ ევროს შეადგენს და მისი დაფარვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწევთ.
უკრაინას სესხის ძირითადი თანხის დაბრუნება იქამდე არ დაეკისრება, ვიდრე რუსეთი ომის შედეგად მიყენებული ზიანისთვის რეპარაციებს არ გადაიხდის.
რადევმა სესხის ორ ნაწილად დაყოფა დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ ბულგარეთი 20 მილიარდი ევროს საბიუჯეტო კომპონენტის დაფინანსებაში მიიღებს მონაწილეობას. ეს თანხა უკრაინაში საჯარო სერვისებისა და ხელფასების დასაფინანსებლად არის განკუთვნილი.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ საკითხს ის დღეს ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან განიხილავს. ფონ დერ ლაიენმა, რომელმაც სესხის ინიციატივა გასულ კვირას წარმოადგინა, მანამდე წევრ ქვეყნებს შესაძლებლობა შესთავაზა, დაფინანსების ცალკეულ კომპონენტებში საკუთარი სურვილისამებრ ჩართულიყვნენ. მისი განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ წინადადებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა დაუჭერს მხარს.
ბულგარეთის გადაწყვეტილება მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც სლოვაკეთზე, უნგრეთსა და ჩეხეთზე წნეხი იზრდება, რათა ისინი უკრაინის დაფინანსების ახალ სქემას შეუერთდნენ, - წერს Euronews-ი.
გერმანიამ, ნიდერლანდებმა, შვედეთმა, დანიამ და ირლანდიამ უკვე განაცხადეს, რომ ევროკავშირის მომდევნო, შვიდწლიანი ბიუჯეტის შეთანხმება შეუძლებელია, თუ 2027 წელს უკრაინის მხარდაჭერის საკითხი გადაწყვეტილი არ იქნება.





