ანტონიუ კოშტა: უკრაინის მხარდაჭერა ევროპის უსაფრთხოებაში ინვესტიციაა - ევროკავშირის ლიდერები 26-27 ნოემბერს კიევის 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
მსოფლიო

ანტონიუ კოშტა
ფოტო: Getty Images
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები 26-27 ნოემბერს დაგეგმილ ევროპული საბჭოს საგანგებო სხდომაზე უკრაინის 2027 წლის ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხზე იმსჯელებენ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიუ კოშტას განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერა ევროპის საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში განხორციელებული ინვესტიციაცაა. სამიტის კიდევ ერთი მთავარი თემა ევროკავშირის მომდევნო მრავალწლიანი ბიუჯეტი იქნება.
წევრი სახელმწიფოების მეთაურებისადმი გაგზავნილ მოსაწვევ წერილში კოშტა აღნიშნავს, რომ ევროკავშირის გრძელვადიან ბიუჯეტთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის დროა. მისი თქმით, მანამდე წევრ ქვეყნებს საერთო წინადადება წარედგინათ და იმედოვნებს, რომ ლიდერები კომპრომისისთვის მზადყოფნას გამოიჩენენ.
კოშტას განცხადებით, ევროკავშირმა დაბალანსებულ შეთანხმებას უნდა მიაღწიოს, რომელიც ბლოკს მომავალი გამოწვევების დაძლევის შესაძლებლობას მისცემს. მათ შორისაა კონკურენტუნარიანობის გაძლიერება, უსაფრთხოებისა და თავდაცვის განმტკიცება და საერთაშორისო ასპარეზზე ევროპის როლის გაძლიერება. ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია იმ პოლიტიკის შენარჩუნებაც, რომელმაც საკუთარი ეფექტიანობა უკვე დაამტკიცა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტის განხილვის პარალელურად, ლიდერებმა უნდა იმსჯელონ, როგორ დააკმაყოფილონ პარტნიორებთან ერთად უკრაინის 2027 წლისა და შემდგომი პერიოდის ფინანსური საჭიროებები. ამ საკითხზე მსჯელობა ევროკომისიის მიერ წარდგენილ წინადადებას დაეფუძნება.
წერილში კოშტა ასევე აღნიშნავს, რომ სამიტზე ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობის განახლების საკითხსაც განიხილავენ, რათა შესაბამისი გადაწყვეტილება დროულად მიიღონ.





