გამოკითხვის თანახმად, გერმანელების უმრავლესობა უკრაინის შემდგომ სამხედრო დახმარებას ეწინააღმდეგება
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი ფრიდრიხ მერცი
ფოტო: dpa
ახალი გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 53% გერმანიის მხრიდან უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის წინააღმდეგია. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 39% იყო. დახმარების გაგრძელებას მხარს გამოკითხულთა მხოლოდ 46% უჭერს, შარშანდელ 59 და ორი წლის წინანდელ 57%-თან შედარებით.
გამოკითხვა კვლევითმა კომპანია Forsa-მ სექტემბერში, სატელეფონო ინტერვიუების გზით, საარჩევნო უფლების მქონე 1 501 მოქალაქეს შორის ჩაატარა.
აღმოსავლეთ გერმანიაში უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას მხოლოდ 31% უჭერს მხარს. დასავლეთ გერმანიაშიც ამ პოზიციის მომხრეთა რაოდენობა უმრავლესობას აღარ შეადგენს - 48%.
ამასთან, მედიის ცნობით, უკრაინის დახმარების გაგრძელებას მხარს უჭერენ „ქრისტიან-დემოკრატიული“ და „ქრისტიან-სოციალური“ კავშირების (CDU/CSU) ამომრჩეველთა 67%, „სოციალ-დემოკრატების“ (SPD) მხარდამჭერთა 64%, „მწვანეების“ ამომრჩეველთა 73% და „მემარცხენეების“ მხარდამჭერთა 61%. დახმარების წინააღმდეგ კი მკვეთრად არიან განწყობილი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მხარდამჭერები, მათ შორის უკრაინის სამხედრო დახმარებას მხოლოდ 11% ემხრობა.
გამოკითხულთა 61% მიიჩნევს, რომ გერმანია და ევროპა რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის მისაღწევად მოლაპარაკებების მიმართულებით საკმარის ძალისხმევას არ იჩენენ. 36%-ის აზრით, ეს ძალისხმევა საკმარისია.
ამასთან, გერმანიის მოქალაქეთა 34% მიიჩნევს, რომ ქვეყანამ ომის შედეგის მიუხედავად, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება უნდა დაიწყოს. ამ მოსაზრებას 64% ეწინააღმდეგება. AfD-ის მხარდამჭერებს შორის კი რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას 75% ემხრობა.
კვლევის თანახმად, მცირდება გერმანიის საერთაშორისო პროცესებში უფრო აქტიური ჩართულობის მხარდაჭერაც. გამოკითხულთა მხოლოდ 40% მიიჩნევს, რომ საერთაშორისო კრიზისების დროს გერმანიამ უფრო აქტიური როლი უნდა შეასრულოს. ერთი წლის წინ ამ პოზიციას 48% იზიარებდა. გამოკითხულთა 48% კი გერმანიის მხრიდან მეტ თავშეკავებას ემხრობა. 2025 წელს ამ მოსაზრების მხარდამჭერთა წილი 43% იყო. მაშინ, როდესაც CDU/CSU-ის, SPD-ისა და „მწვანეების“ ამომრჩეველთა უმრავლესობა გერმანიის უფრო აქტიურ ჩართულობას უჭერს მხარს, AfD-ის მხარდამჭერთა 84% საერთაშორისო საკითხებში ქვეყნის მეტ თავშეკავებას მოითხოვს.
გამოკითხულთა დაახლოებით ორი მესამედი კვლავ ეწინააღმდეგება იმას, რომ ქვეყანამ ევროპაში სამხედრო ლიდერის როლი შეასრულოს. ამ პოზიციას გამოკითხულთა 64% იზიარებს, რაც 2025 წლის მაჩვენებელზე, 61%-ზე მეტია. გერმანიის სამხედრო ლიდერობას მხოლოდ 35% ემხრობა. პარტიების მხარდამჭერებს შორის ამ იდეას უმრავლესობა მხოლოდ CDU/CSU-ის ამომრჩევლებში უჭერს მხარს - 54%.
გამოკითხვაში მონაწილე გერმანელების უმრავლესობა ასევე ეწინააღმდეგება მთავრობის მიზანს, რომლის მიხედვითაც ბუნდესვერი 2039 წლისთვის ევროპის უძლიერეს ჩვეულებრივ შეიარაღებულ ძალად უნდა იქცეს. ამ გეგმას გამოკითხულთა 54% არ ეთანხმება, 45% კი მიზანს სწორად მიიჩნევს. გეგმის მხარდამჭერთა წილი CDU/CSU-ის ამომრჩევლებში 69%, ხოლო SPD-ის მხარდამჭერებში 52% შეადგენს. AfD-ის ამომრჩეველთა 65% კი ამ მიზანს ეწინააღმდეგება.





