Financial Times: პენტაგონი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების მიწოდებას აყოვნებს - ჰეგსეტს 60-მდე რაკეტის გაგზავნაზე თანხმობა ჯერ არ გაუცია
მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი
ფოტო: Getty Images
უკრაინისთვის განკუთვნილი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების დაახლოებით 60 რაკეტის მიწოდება პენტაგონის თანხმობის მოლოდინშია, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა მათი გადაცემის საკითხი უკვე შეათანხმა. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
საუბარია PAC-3 და PAC-2 ტიპის რაკეტებზე, რომელთა შესყიდვასაც კიევი დასავლელი მოკავშირეების დაფინანსებით გეგმავს. Financial Times-ის ინფორმაციით, მიწოდების პროცესი აშშ-ის თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტის გადაწყვეტილების მოლოდინში შეფერხდა.
გამოცემის ცნობით, რაკეტების ნაწილი ევროპის ქვეყნების არსენალებშია განთავსებული, თუმცა მათი უკრაინისთვის გადაცემასაც ვაშინგტონის თანხმობა სჭირდება, რადგან Patriot-ის რაკეტები ამერიკული წარმოებისაა და მათი ექსპორტისა თუ რეექსპორტისთვის აშშ-ის ნებართვა აუცილებელია. საკითხთან დაახლოებულ სამ წყაროზე დაყრდნობით, Financial Times წერს, რომ რაკეტების გადაცემის პროცესი ჰეგსეტის ხელმოწერის მოლოდინშია.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკამ გასცეს ნებართვა იმ რაკეტების გადაცემაზე, რომლებიც ჩვენმა პარტნიორებმა Patriot-ის სისტემებისთვის უკვე შეიძინეს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
გავრცელებულ მიმართვაში ზელენსკიმ გააფრთხილა საზოგადოება, რომ უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ახალ დარტყმებს ამზადებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა, რომლებზეც უკრაინის ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვაა დამოკიდებული, ამ გაფრთხილებებს ყურადღება მიაქციონ.
Patriot-ის რაკეტების მიწოდების შეფერხება უკრაინის ქალაქებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის საჰაერო თავდასხმების გააქტიურების ფონზე ხდება, ზამთრის მოახლოების პარალელურად. უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, ცარიელი გამშვები დანადგარების პირობებში, რუსეთის მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტების თითქმის ყველა სამიზნეს აღწევს, წერს გამოცემა.
გამოცემის ინფორმაციით, უკრაინისთვის გამოყოფილი PAC-3 ტიპის რაკეტებიდან რვა სექტემბერში, 10 ოქტომბერში, 10 ნოემბერში, ხოლო კიდევ 12 დეკემბერში უნდა მიეწოდებინათ. თუმცა, ოთხივე პარტიის გაგზავნაზე ნებართვა ამ დრომდე არ გაცემულა.
გარდა ამისა, უკრაინას გამოყოფილი აქვს დაახლოებით 20 ერთეული უფრო ძველი მოდიფიკაციის - PAC-2 ტიპის რაკეტაც, რომელთა გადაცემასაც ასევე პენტაგონის თანხმობა სჭირდება.
უკრაინის პრეზიდენტმა ოქტომბრის ბოლოს განაცხადა, რომ კიევი თითქმის ერთი თვე ელოდა პიტ ჰეგსეტის ხელმოწერას Patriot-ის და საშუალო მანძილზე მოქმედი საზენიტო-სარაკეტო სისტემების - NASAMS-თვის განკუთვნილი რაკეტების გადაცემაზე. Financial Times-ის ინფორმაციით, NASAMS-ის რაკეტების მიწოდება მოგვიანებით დამტკიცდა. უკრაინელი ოფიციალური პირების ცნობით, ისინი უკვე უკრაინისკენ მიემართება.
იარაღის მიწოდების შეფერხებასთან დაკავშირებით პენტაგონის წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკა არ შეცვლილა. დამატებით კითხვებზე მას პასუხი არ გაუცია.





