აშშ რუსეთს სანქციებს არ მოუხსნის
მსოფლიო

ამერიკის პრეზიდენტის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა დასრულდა. ტრამპმა ლავროვი რექს ტილერსონთან შეხვედრის შემდეგ, ოვალურ კაბინეტში მიიღო. რუსული მედია Bloomberg-ზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპი რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრით კმაყოფილია. "ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ლავროვთან", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სერგეი ლავროვმა თქვა, რომ ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს ივლისში შეხვდებიან. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ტილერსონთან და ტრამპთან შეხვედრა შეაფასა.
"მოკლედ რომ გითხრათ, ახლა ჩვენი დიალოგი თავისუფალია იდეოლოგიზირებისაგან, რაც ობამას ადმინისტრაციას ახასიათებდა. ტრამპის ადმინისტრაცია, თავად პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი, საქმის ხალხია, და მე დღეს ამაში ხელახლა დავრწმუნდი. მათ მოლაპარაკება და შეთანხმება სურთ არა იმისთვის, რომ ვინმეს იდეოლოგიური უპირატესობების სფეროში თავისი მიღწევები დაანახონ, არამედ იმისთვის, რომ კონკრეტული საკითხები გადაწყდეს. საკითხები, რომლებზეც დამოკიდებულია ქვეყნის განვითარება და მოქალაქეების კეთილდღეობა", - უთხრა ლავროვმა ჟურნალისტებს.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთისთვის ამერიკულ არჩევნებში ჩარევის დაბრალება "ვაქხანალიაა", ამიტომ ეს საკითხი ტრამპთან შეხვედრაზე არ განხილულა. გარდა ამისა, ლავროვის თქმით, აშშ-ს ესმის, რომ სირიაში მთავარი ამოცანა - ტერორთან ბრძოლაა.
რუსი მინისტრის განცხადებით, თეთრ სახლში შეხვედრების დროს რუსული სანქციების თემა არ განუხილავთ.
თუმცა, თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნოიერტმა მოგვიანებით თქვა, რომ რექს ტილერსონმა თავის რუს კოლეგას უთხრა, რომ მოსკოვის მიმართ სანქციები შენარჩუნდება: "უკრაინასთან დაკავშირებით სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა ხაზი გაუსვა მინსკის შეთანხმებების სრული შესრულებისთვის პროგრესის აუცილებლობას. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შენარჩუნდება მანამდე, ვიდრე მოსკოვი არ შეცვლის იმ ქმედებებს, რომელსაც ეს სანქციები მოყვა", - განაცხადა ნოიერტმა.





