Facebook-ის ვიცეპრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა
ტექნოლოგიები

მარკ ცუკერბერგი და ელიოტ შრეიჯი
ფოტო: facebook
Facebook-ის ვიცეპრეზიდენტი კომუნიკაციების და პოლიტიკის დარგში ელიოტ შრეიჯი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავის გვერდზე დაწერა.
შრეიჯის თქმით, მარკ ცუკერბერგის თხოვნით ის პოსტზე გარკვეული დროის განმავლობაში იმუშავებს, რათა საქმეები მემკვიდრეს გადააბაროს, საბოლოოდ კი კომპანიის ზოგიერთ პროექტში მრჩევლად დარჩება.
„Facebook-ში ათ წელზე დიდი ხანია ვმუშაობ. ვფიქრობ, დადგა დრო დავიწყო ახალი თავი ჩემს ცხოვრებაში. პოლიტიკის და კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელობა სწრაფად განვითარებად ტექნოლოგიურ კომპანიაში მხიარული საქმეა, მაგრამ იმავდროულად ინტენსიური პროცესია, რომელიც სხვა საქმისთვის დროს ფაქტობრივად აღარ გიტოვებს“, - წერს შრეიჯი.
ვინ შეცვლის კომპანიაში ელიოტ შრეიჯს ჯერჯერობით უცნობია.
ბოლო პერიოდში Facebook-ი მთელ რიგ სერიოზულ სკანდალებში გაეხვია, რომლებიც მომხმარებლების პერსონალური მონაცემების გაჟონვასთან არის დაკავშირებული. მათ შორის ყველაზე მასშტაბურია Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული ისტორია. ამ კომპანიამ არალეგალურად მიიღო წვდომა სოცქსელის 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემებზე, რომ ის პოლიტიკური რეკლამისთვის გამოეყენებინა.
ელიოტ შრეიჯი, როგორც კომუნიკაციების დარგის ვიცეპრეზიდენტი პასუხისმგებელი იყო Facebook-ის რეაქციაზე Cambridge Analytica-სთან დაკავშირებულ სიტუაციაში. ბევრ დამკვირებელს მიაჩნდა, რომ თავდაპირველი რეაქცია სკანდალზე არ იყო საკმარისად მტკიცე და ოპერატიული.





