მეცნიერებმა სუპერკომპიუტერზე სამყაროს არსებობის პირველი 2 მილიარდი წელი აღადგინეს
ტექნოლოგიები

ფოტო: Lumina collaboration
ფიზიკოსთა საერთაშორისო გუნდმა შექმნა კომპიუტერული მოდელი Lumina, რომელიც დიდი აფეთქებიდან პირველი 2 მილიარდი წლის განმავლობაში გალაქტიკების ფორმირებასა და კოსმოსური აირის ცვლილებებს აღადგენს. ამის შესახებ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა (MIT) განაცხადა.
გამოთვლები სამყაროს წარმოშობიდან დაახლოებით 45 მილიონი წლის შემდეგ იწყება. სიმულაცია თვალს ადევნებს ბნელი მატერიის, აირისა და გამოსხივების ურთიერთქმედებას: მსხვილი სტრუქტურების წარმონაქმნებიდან დაწყებული, ცალკეულ განვითარებად გალაქტიკებში მიმდინარე პროცესებით დამთავრებული.
პროექტის ერთ-ერთი ამოცანა იმის ჩვენებაა, თუ როგორ ცვლიდნენ სინათლის პირველი წყაროები გარშემომყოფ ნივთიერებას. ვარსკვლავების ულტრაიისფერი გამოსხივება წყალბადის ატომებიდან ელექტრონებს აგდებდა - ამ პროცესს რეიონიზაციას უწოდებენ. Lumina ასევე აჩვენებს ჰელიუმის რეიონიზაციას, რასაც ნივთიერების აქტიურად შთამნთქმელი ზემასიური შავი ხვრელების უფრო ენერგიულ გამოსხივებას უკავშირებენ.
გამოთვლები აშშ-ის ოკ-რიჯის ეროვნულ ლაბორატორიაში მდებარე სუპერკომპიუტერ Frontier-ზე ჩატარდა. გამოთვლების პიკზე დაახლოებით 15 ათასი გრაფიკული პროცესორი იყო ჩართული.





