აშშ-ის კომუნიკაციების კომისიამ ქსელური ნეიტრალიტეტის პრინციპი გააუქმა
ტექნოლოგიები

ამერიკის შეერთებული შტატების კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ (FCC) "ქსელური ნეიტრალიტეტის" პრინციპი გააუქმა. ამ პრინციპის თანახმად, ინტერნეტ-პროვაიდერები ვალდებულები იყვნენ თანაბარი წვდომა უზრუნველეყოთ სხვადასხვა ვებგვერდებსა და სერვისებზე, ის კრძალავდა სხვადასხვა სახის ტრაფიკის ბლოკირებას საკუთარი შეხედულებებისამებრ. ამ პრინციპის გაუქმებით, ინტერნეტ-პროვაიდერებს უჩნდებათ მეტი შესაძლებლობა ახალი სატარიფო გეგმების შექმნისა და კონკურენციისთვის, რომ მეტი მომხმარებელი მოიზიდონ, მაგრამ იმავდროულად, გადაწყვეტილებამ შეიძლება გარკვეულ რესურსებზე წვდომა შეზღუდოს.
კომისიაში განმარტეს, რომ გადაწყვეტილება მიმართულია "ინტერნეტში თავისუფლების აღსადგენად". პრინციპის გაუქმებას მხარი სამმა ადამიანმა დაუჭირა, ორი წინააღმდეგი იყო. კომისიამ "ქსელური ნეიტრალიტეტის" პრინციპი 2015 წელს აამოქმედა. ამ სიახლეს ემხრობოდა აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტი ბარაკ ობამა.
ქსელური ნეიტრალიტეტის გაუქმებით, ინტერნეტ-პროვაიდერები შეძლებენ, მაგალითად
- ვიკიპედიაზე უფასო წვდომის შეთავაზებას (Wikipedia Zero)
- დამატებითი თანხის მოთხოვნას პორნოგრაფიაზე წვდომისათვის
- Google-თან მოლაპარაკებას მის ვებგვერდებზე უფრო სწრაფ წვდომაზე
- თავის სერვისებზე წვდომის შენელებას სხვა ინტერნეტ-პროვაიდერების კლიენტებისთვის
- სოცქსელებისთვის, ვიდეოსთვის, მუსიკისა და ელექტრონული ფოსტისთვის დამატებითი
ინტერნეტ-პაკეტების შემოღებას
- ტორენტ-ტრაფიკის ბლოკირებას
- ანონიმური ქსელის Tor-ის ტრაფიკის ბლოკირებას
- DDoS-შეტევების ბლოკირებას
- ინტერნეტ-რეკლამის ბლოკირებას
დღევანდელ დღემდე, ნებისმიერი ინფორმაცია თანაბარი სიჩქარით გადაიცემოდა. მსხვილი კორპორაციების ტრაფიკი არაფრით განსხვავდებოდა ინფორმაციისგან, რომელსაც უფრო პატარა კომპანიები გადასცემდნენ. ახლა შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. კომპანიები რიგში მოწინავე ადგილის დასაკავებლად ფულის გადახდას შეძლებენ. ნაკლები ფინანსური შესაძლებლობების მქონე კომპანიებმა შეიძლება ბიზნესი დაკარგონ. პროვაიდერებს "ქსელური ნეიტრალიტეტის" გაუქმება უხარიათ და აცხადებენ, რომ მოგებას ინფრასტრუქტურის განვიარებაში ჩადებენ. კრიტიკოსები კი დარწმუნებულები არიან, რომ მოგება უბრალოდ მათ ჯიბეში დარჩება და გადაწყვეტილება ქსელის განვითარებას შეაფერხებს.





