როგორია საქართველოში ინტერნეტის მოხმარების სტატისტიკა
ტექნოლოგიები

ფოტო: shutterstock.com
საინფორმაცი და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების 2019 წლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ინტერნეტით უზრუნველყოფილი ოჯახების (შინამეურნეობების წილი) რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 3.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 79.3% შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატზე დაყრდნობით Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს.
მონაცემების მიხედვით, საქალაქო დასახლებებში ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი 1.8%-ით გაიზარდა და 86.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 5.1%-ით და 69.9 პროცენტს მიაღწია.
მონაცემების თანახმად, ბოლო სამი თვის განმავლობაში ინტერნეტით ისარგებლა 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 70.6-მა პროცენტმა, რაც 6.7 პროცენტით მეტია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ქალაქის ტიპის დასახლებაში ეს მაჩვენებელი 78.8%-ია, ხოლო სასოფლო დასახლებაში - 58.6%. რაც შეეხება გენდერულ ჭრილს, ქალების შემთხვევაში 69.2 პროცენტს, ხოლო კაცების შემთხვევაში 72.2 პროცენტს შეადგენს. რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიას, ყველაზე ხშირად ბოლო სამი თვის განმავლობაში ინტერნეტით 15-29 წლის მოსახლეობამ ისარგებლა (96.2% შეადგენს).
15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობიდან, რომელიც ბოლო სამი თვის განმავლობაში სარგებლობდა ინტერნეტით, 89.2 პროცენტი ინტერნეტს ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე მოიხმარდა, 9.1 პროცენტი - კვირაში ერთხელ მაინც (თუმცა არა ყოველდღე), 1.8 პროცენტი კი - უფრო იშვიათად.
15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო 3 თვეში ინტერნეტის მომხმარებელ მოსახლეობაში, ინტერნეტის გამოყენების ძირითად მიზნებს წარმოადგენს სოციალური ქსელების გამოყენება (96.0%), ინტერნეტ (აუდიო/ვიდეო) კავშირი (85.6%), ონლაინ ახალი ამბების/გაზეთების/ჟურნალების წაკითხვა (55.4%), ელ. ფოსტის მიღება/გაგზავნა (53.8%), ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება (51.7%), საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება (38.0%), ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა (29.8%), პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის (გარდა თამაშებისა) ჩამოტვირთვა (19.9%) და სამუშაოს ძიება/ სამუშაოსთვის აპლიკაციების გაგზავნა (17.4%).
15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო 3 თვეში კომპიუტერის მომხმარებელთა 80.1 პროცენტი კომპიუტერით ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე სარგებლობდა, 12.9 პროცენტი - კვირაში ერთხელ მაინც (თუმცა არა ყოველდღე), 7.0 პროცენტი კი - უფრო იშვიათად.





