კახა კალაძე ფონიჭალაში დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლებზე: თუ იმ ადამიანებს, ვინც დანარჩენ სადარბაზოებში აგრძელებენ ცხოვრებას, ექნებათ სურვილი, ჩანაცვლების პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა, მუნიციპალიტეტი მზად არის, შესაბამისი პროექტი განახორციელოს
საზოგადოება

კახა კალაძე
ფოტო: თბილისის მერია
თუ იმ ადამიანებს, ვინც დანარჩენ სადარბაზოებში აგრძელებს ცხოვრებას, ექნებათ სურვილი, ჩანაცვლების პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა, მუნიციპალიტეტი მზად არის, იქაც შესაბამისი პროექტი განახორციელოს”, - განაცხადა დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლების შესახებ.
კახა კალაძემ აღნიშნა, რომ განხორციელდება დაზიანებული კორპუსის დემონტაჟი და ახალი პროექტი.
„როგორც გუშინ მოგახსენეთ, 28 ოჯახი - 143 ადამიანი დროებით სასტუმროშია გადაყვანილი. რა თქმა უნდა, შემდეგ ეტაპზე ჩვენ მოვახდენთ უზრუნველყოფას, რომ ვიქირაოთ საცხოვრებელი სახლები მათთვის, რომ არანაირი პრობლემა არ შეექმნათ. რაც შეეხება საბოლოო გადაწყვეტას, რა თქმა უნდა, აუცილებელი იქნება აღნიშნული სახლის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება.
ასევე, თუ იმ ადამიანებს, ვინც დანარჩენ სადარბაზოებში აგრძელებენ ცხოვრებას, ექნებათ სურვილი, ჩანაცვლების პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა, მუნიციპალიტეტი მზად არის, იქაც შესაბამისი პროექტი განახორციელოს”, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
19 ნოემბერს, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კორპუსის მეხუთე სართულზე მცხოვრები შშმ პირი ჰყვება, რომ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა, ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.
მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.





