„თბილისი ენერჯი“-ს წარმომადგენელი: ოქროს სტანდარტი იმისათვის, რომ ასეთი უბედურებებისგან დაცული ვიყოთ, არის გაზის გაჟონვის დეტექტორი ელექტროონკანთან ერთად - როგორც კი აღნიშნული დეტექტორი მცირე კონცენტრაციას „იგრძნობს“, ავტომატური ონკანი 1-2 წამში მთლიანად კეტავს ბინაში გაზის შემოსვლას
საზოგადოება

გიორგი ლეფსვერიძე
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ოქროს სტანდარტი იმისათვის, რომ ასეთი უბედურებებისგან დაცული ვიყოთ, არის გაზის გაჟონვის დეტექტორი ელექტროონკანთან ერთად. თბილისში ჩვენს უამრავ აბონენტს ეს დამონტაჟებული აქვს და მოიხმარს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის დღე“ „თბილისი ენერჯი“-ს ტექნიკური დირექტორის მოადგილემ გიორგი ლეფსვერიძემ.
მან დეტალურად განმარტა, როგორ მონტაჟდება და მუშაობს გაზის გაჟონვის დეტექტორი.
„გაზის გაჟონვის დეტექტორი ყენდება ბინაში, სამზარეულოში, მრიცხველის გამომავალ ყელზე დგება ელექტროონკანი - ეს არის იგივე, რითაც ახლა მექანიკურად ვკეტავთ გაზს, ოღონდ ელექტრონული ონკანი. ვთქვათ, არ ხართ სახლში, ან ღამეა და ოჯახს სძინავს, დაგვრჩა გაზქურა მოშვებული, როგორც კი აღნიშნული დეტექტორი მცირე კონცენტრაციას „იგრძნობს“, რომ თქვენს ბინაში გაზმა დაიწყო ჟონვა, დაუყოვნებლივ, ზუსტად 1-2 წამში, ავტომატური ონკანი მთლიანად კეტავს თქვენს კუთვნილ ბინაში გაზის შემოსვლას. გაზი რჩება დაკეტილი, სანამ არ გამოგვიძახებთ და ჩვენ არ ჩავრთავთ. სხვანაირად თქვენ თვითონ ვერ ჩართავთ”, - განაცხადა გიორგი ლეფსვერიძემ.
მისი ინფორმაციით, თბილისში დღესდღეობით დაახლოებით 200 000 ოჯახს სახლში აქვს დამონტაჟებული და მოიხმარს გაზის გაჟონვის დეტექტორს.
„თავი რომ დავიზღვიოთ, გაზის გაჟონვის დეტექტორის მონტაჟი გაზის ყველა მომხმარებლისთვის აუცილებელი უნდა იყოს. ეს არის აქსიომა.
დაახლოებით 2010 წლიდან ყველა ახალ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში, კერძო სახლსა თუ კომერციულ ფართში გაზის პირველად ჩართვას არ ვაკეთებთ, თუ იქ არის არის დამონტაჟებული გაზის გაჟონვის დეტექტორი. სადაც არ არის, მოქალაქეებს შეუძლიათ, მოგვმართონ, განცხადება დაწერონ. გაზის გაჟონვის დეტექტორის ყიდვა, მოტანა, მონტაჟი, რა თქმა უნდა, ფასიანი მომსახურებაა. ხოლო საეჭვო სიტუაციაში ჩვენი გამოძახება, მომსახურება, 114-ზე დარეკვა, ჩვენი ოპერატიული ბრიგადის მისვლა ადგილზე, გაზის შემოწმების მოთხოვნა სრულიად უფასოა”, - განაცხადა გიორგი ლეფსვერიძემ.





