საქართველოს დაცული ტერიტორიების თანამშრომლებისთვის უსაფრთხოების ნორმების ტრენინგები მიმდინარეობს
საზოგადოება

ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამმინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო
შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციის სპეციალისტებმა ჯავახეთის, ლაგოდეხის, ალგეთის, ვაშლოვანისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციების თანამშრომლებისთვის ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმების ტრენინგები ჩაატარეს. აღნიშნულ ტრენინგებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს 12 ტერიტორიული ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი გაივლის.
ტრენინგები მოიცავს როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავებას, ისე - პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერებას, მათ შორის, ხანძრის აღმოჩენის შემთხვევაში მოქმედების წესს, ხანძრის გაჩენის თავიდან აცილებისათვის ზოგად მანევრებს, ევაკუაციის ინსტრუქციებს, ცეცხლმაქრის სწორი გამოყენების ინსტრუქციასა და სხვა.
სწავლება ხორციელდება პროექტის „დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) ახორციელებს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოში თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების, ცოდნისა და შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებით, სხვადასხვა ტიპის ღონისძიება რეგულარულად ტარდება.




