პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირება დაიწყო
საზოგადოება

ფოტო: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირების მიმდინარეობას თბილისში, კოლეჯებში - „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიასა“ და „სქილვილში“, ასევე, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ში გახსნილ საგამოცდო ცენტრში გაეცნო.
ტესტირება 24 ოქტომბერს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ხოლო 25 ოქტომბერს - წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში ტარდება.
პროფესიული ტესტირება 27 ქალაქში გახსნილ 42 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს.
წელს ტესტირებაზე 12 600-მდე მსურველი დარეგისტრირდა. ზოგიერთი მათგანი ერთზე მეტ გამოცდას აბარებს.
თითოეული ტესტის მაქსიმალური ქულაა 30. გამოსაცდელს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება მაქსიმალური ქულის 15%-ის დაგროვების შემთხვევაში. ტესტირების ხანგრძლივობაა 1 საათი და 30 წუთი.
ტესტირების პროცესს თამარ მემანიშვილთან ერთად აკვირდებოდნენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეები - ეკატერინე მაჩიტიძე და დავით საღინაძე, ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსი თამარ კვინიკაძე.





