სამინისტრო: მიტოვებული და მშობლების გარეშე დარჩენილი ცხოველების ტყიდან გამოყვანით ისინი სასიკვდილოდ ან სამუდამო ტყვეობისთვის არის განწირულნი
საზოგადოება

ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტყიდან გარეული ცხოველების გამოყვანის გახშირებულ ფაქტებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
„მიტოვებული, დროებით მიტოვებული და უკანონო ნადირობის შედეგად მშობლების გარეშე დარჩენილი გარეულ ცხოველთა ნაშიერების ტყიდან გამოყვანით, ეს ცხოველები, ძირითადად, სასიკვდილოდ ან სამუდამო ტყვეობისთვის არის განწირულნი. ამასთანავე, გარეული ცხოველები ადამიანებთან ერთად ცხოვრების დროს მუდმივად წარმოადგენენ საფრთხეს; ისინი პოტენციური თავდამსხმელები არიან. გარეულ ცხოველთა ადგილი ველურ ბუნებაშია“ - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყება დათვის ბელების ტყიდან გამოყვანის ფაქტების გახშირებასაც უსვამს ხაზს.
„საქართველოში გავრცელებული მურა დათვი შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“, როგორც გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობა და მისი მოკვლა ან დატყვევება კანონით ისჯება“ - ვკითხულობთ განცხადებაში.




