მზია გიორგობიანი: წყლის სექტორი საკმაოდ პრობლემატურია, იქიდან გამომდინარე, რომ სამუშაოები საკმაოდ შრომატევადია და გარდა შრომისა და დროისა, რომელიც ამას სჭირდება, ასევე მნიშვნელოვანია სპეციფიკური კადრების არსებობა, როგორც სამშენებლო სექტორსა და პროექტირების ნაწილში, ასევე მომსახურების ნაწილში
რეგიონი

მზია გიორგობიანი
ფოტო: Imedi/ვიდეოკადრი
ზოგადად, წყლის სექტორი საკმაოდ პრობლემატურია, იქიდან გამომდინარე, რომ სამუშაოები საკმაოდ შრომატევადია და გარდა შრომისა და დროისა, რომელიც ამას სჭირდება, ასევე მნიშვნელოვანია იმ სპეციფიკური კადრების არსებობა, რომლებიც უნდა იყოს როგორც სამშენებლო სექტორსა და პროექტირების ნაწილში, ასევე მომსახურების ნაწილში, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა გადაცემაში „ღია ეთერი“. მან ამ მხრივ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ილაპარაკა.
„ამ ეტაპისთვის უშუალოდ სამუშაოები დაახლოებით 150 სოფელსა და ქალაქში მიმდინარეობს. ასევე დაგეგმილი გვაქვს კანალიზაციის სისტემების მოწესრიგება. გორში ასევე არის დაგეგმილი წყლისა და კანალიზაციის სისტემების სრულად მოწესრიგება შესაბამისი გამწმენდი ნაგებობით. მიმდინარე პერიოდში ასევე მომზადებულია უკვე 50 სოფლამდე, რათა პროექტირებები გამოცხადდეს სოფლის წყლის მოწესრიგებაზე და ასევე დაგეგმილი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში გამოცხადდება პროექტირება დაახლოებით 50 სოფელში, 50 სოფლისთვის კი უკვე სატენდერო სამუშაოებს დავიწყებთ“, - აღნიშნა გიორგობიანმა.
მისივე თქმით, კანალიზაციების სისტემების მიმართულებით, სახელმწიფო ბიუჯეტისა და საერთაშორისო დონორების (მსოფლიო ბანკი, AFD, ADB) დაფინანსებით, შესაბამისი პროექტები პირველ ეტაპზე 12 დასახლებაში განხორციელდება, მოგვიანებით კი მთელ ქვეყანასა და ტურისტულ ზონებს მოიცავს.





