რევაზ სოხაძე: ნამდვილად ძალიან სამწუხაროა, რომ 2015 წლიდან მიმდინარეობს ზუგდიდში სტადიონის მშენებლობა და ის ვერ დასრულდა. პრემიერის დავალებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მეოთხე კატეგორიის, უფრო მაღალი კატეგორიის და სტანდარტის სტადიონს ავაშენებთ ზუგდიდში
რეგიონი

რევაზ სოხაძე
ფოტო: იმედი/ვიდეოკადრი
პრემიერის დავალებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მეოთხე კატეგორიის, უფრო მაღალი კატეგორიის და სტანდარტის სტადიონს ავაშენებთ ზუგდიდში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.
სოხაძის თქმით, ნამდვილად ძალიან სამწუხაროა, რომ 2015 წლიდან მიმდინარეობს ზუგდიდში სტადიონის მშენებლობა და ის ვერ დასრულდა.
„ჩვენ შევისწავლეთ ეს საკითხი. შეწყდა მიმდინარე კონტრაქტი, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი კითხვის ნიშანი იყო. დღეს ვამზადებთ ახალ ტექნიკურ დავალებას ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, განსაზღვრული იყო უეფას მესამე კატეგორიის სტადიონის მშენებლობა ზუგდიდში, თუმცა მასაც ვერ აკმაყოფილებდა არსებული პროექტი.
პრემიერის დავალებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მეოთხე კატეგორიის, უფრო მაღალი კატეგორიის და სტანდარტის სტადიონს ავაშენებთ ზუგდიდში. უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი ამ საკითხთან დაკავშირებით და დაიწყება სამშენებლო სამუშაოები, ამ სტადიონის რეაბილიტაცია იმ ნორმების შესაბამისად, რომ მეოთხე კატეგორიის სტადიონი მიიღოს ზუგდიდმა“, - აღნიშნა მინისტრმა.





