საქართველოში დეპორტირებულების რაოდენობა 10%-ით გაიზარდა
პოლიტიკა

ფოტო: Shutterstock
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია მსოფლიოს 35 ქვეყნიდან განხორციელდა. დეპორტირებულების საერთო რაოდენობა 4566-ია, რაც 2017 წელთან შედარებით 440-ით ანუ 10, 66%-ით მეტია. ინფორმაციას „აიპრესი“ შსს-ს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე ხშირად საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია კვლავ თურქეთიდან ხდება, თუმცა დეპორტირებულთა რაოდენობა წინა წელთა შედარებით შემცირებულია 80-ით, 1868-დან 1788-მდე.
მნიშვნელოვნად, 440-დან 813-მდე გაიზარდა ისრაელიდან დეპორტირებულთა რაოდენობა, შედეგად ისრაელმა მესამედან მეორე ადგილზე გადაინაცვლა, 2017 წელს 457 დეპორტირებულით მეორე ადგილზე მყოფი გერმანია კი 2018 წლის მონაცემებით მესამე ადგილს იკავებს.
საქართველოში დეპორტირებულთა რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა აგრეთვე საფრანგეთიდან, ავსტრიიდან, ბელგიიდან.
დეპორტირებულთა რაოდენობა 2018 წელს 2017 წელთან შედარებით შემცირდა 72-ით, 281დან 209-მდე რუსეთიდან და 25-ით, 127-დან 102-მდე – შვედეთიდან.
მცირედით, 67-დან 58-მდე შემცირდა საბერძნეთიდან დეპორტირებულთა რიცხვი.
იგივე დონეზე დარჩა დეპორტირებულთა რაოდენობა ათეულში შემავალი შვეიცარიიდან (2017 წელს 83) და იტალიიდან (2017 წელს 82).





