დავით მათიკაშვილი ჰერჩინსკიზე: არ ისურვა ქართულ სახელმწიფოსთან, ქართველი ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით არჩეულ ხელისუფლებასთან რეალური დიალოგი და კვლავ დარჩა ერთ მუჭა „კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან“ ევროკავშირის ხიდად
პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი
ფოტო: იმედი/ვიდეოკადრი
არ ისურვა ქართულ სახელმწიფოსთან, ქართველი ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით არჩეულ ხელისუფლებასთან რეალური დიალოგი და კვლავ დარჩა ერთ მუჭა „კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან“ ევროკავშირის ხიდად, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკითან დაკავშირებით.
მათიკაშვილის თქმით, ჰერჩინსკი ხანდახან იმდენად მძიმე სანახავია, რომ ადამიანს სინანულის გრძნობა დაგეუფლება.
„ევრობიუროკრატიის უმწიფარი პოლიტიკის ნაყოფია პაველ ჰერჩინსკი. ბუნებრივია, ის დამოუკიდებლად არ მოქმედებს. ალბათ არ იქნებოდა სწორი იმის ფიქრი და მტკიცება, რომ პაველ ჰერჩინსკის დამოუკიდებელი პოლიტიკა აქვს საქართველოში. თუმცა, ბუნებრივია, თითოეული ადამიანი, მითუმეტეს ელჩი, საკუთარი ქცევიდან, კონკრეტული დავალების შესრულების მანერიდან და სტილიდან გამომდინარეც კი, გარკვეულ ელფერს აძლევს თავისი საქმიანობის შესაბამის შედეგს. ამიტომ პაველ ჰერჩინსკიზე შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ ის ტრაგიზმი ამ ადამიანის პოლიტიკური მოცემულობის, უმწიფრობის ყველაზე მდარე და სავალალო შედეგია საქართველოსთვის, რასაც ჩვენ, პრინციპში, ყველა ვუყურებთ. უფრო სწორედ, საქართველოს და ქართულ ინტერესებს ის ვერაფერს ავნებს. ავნებს ევროკავშირის მიმართ ნდობას საქართველოში, ევროსკეპტიციზმი კიდევ და კიდევ უფრო მეტად ღრმავდება ნაცების დაკრულზე მისი ცეკვა-თამაშით“, - აღნიშნა მან.
მათიკაშვილის თქმითვე, ჰერჩინსკიმ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში, ვენის კონვენცია ფეხქვეშ გათელა.
„არ ისურვა ქართულ სახელმწიფოსთან, ქართველი ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით არჩეულ ხელისუფლებასთან რეალური დიალოგი და კვლავ დარჩა ერთ მუჭა „კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან“ ევროკავშირის ხიდად. ეს ხანდახან იმდენად მძიმე სანახავია, რომ ადამიანს სინანულის გრძნობა დაგეუფლება. პირადად მე ვისურვებდი, რომ ასეთ დღეში, ასეთ მოცემულობაში ნამდვილად არავინ ჩავარდნილიყო, როგორც პაველ ჰერჩინსკი“, - დასძინა დავით მათიკაშვილმა.





