მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც საქართველოსთან დამოკიდებულებას ეხება საკითხი, ჩინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ეს გამოიხატება ჩვენს ურთიერთობებში ყოველდღიურ რეჟიმში
პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
როდესაც საქართველოსთან დამოკიდებულებას ეხება საკითხი, ჩინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, - განუცხადა „იმედის კვირას“ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის 3 წელთან დაკავშირებით.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ეს ორივე მხრიდან ქვეყნების ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობაა.
„რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას აქვს საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირების გარკვეული საფუძვლები და მნიშვნელობა აქვს ყველაფერს ამ პოზიციონირებაში. როდესაც საქართველოსთან დამოკიდებულებას ეხება საკითხი, ჩინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ეს გამოიხატება ჩვენს ურთიერთობებში ყოველდღიურ რეჟიმში.
საქართველო აღიარებს ერთი ჩინეთის პრინციპს და მიჰყვება ამას საერთაშორისო დღის წესრიგშიც. რა თქმა უნდა, ეს ორივე მხრიდან ქვეყნების ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობაა, რაც აისახება საერთაშორისო ურთიერთობებშიც“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმითვე, ჩინეთის მნიშვნელობა გლობალურად მზარდია.
„გლობალურად იზრდება ყოველდღიურად ჩინეთის როლი ასევე ეკონომიკური მიმართულებით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როდესაც ვსაუბრობთ გლობალურ პროცესებზე, მიმდინარე საერთაშორისო პროცესებზე, საქართველოს ჰქონდეს მჭიდრო და კარგი ურთიერთობა გლობალურ მოთამაშეებთან. ამ შემთხვევაში ჩინეთზეა საუბარი.
ჩვენ ბოლო პერიოდში, ბუნებრივია, ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი ინვესტიცია განვახორციელეთ ამ ურთიერთობების განვითარებაში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ჩინეთის მხრიდანაც ხდება ჩვენი რეგიონის მნიშვნელობის გააზრება და მნიშვნელოვანი პოლიტიკური ურთიერთობების განვითარება“, - დასძინა მან.





