ის ქუჩები დასახელდა, სადაც პარკირების საათობრივი გადასახადი დაწესდება
პოლიტიკა

ფოტო: არქივი
პარკირების საათობრივი გადასახადი პირველ ეტაპზე თბილისის ორ რაიონში ძველ თბილისსა და საბურთალოზე დაწესდება. ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
ამავე ცნობით, ძველ თბილისში საათობრივი პარკირება საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება, მოიცავს ყველა ახლომდებარე ქუჩას ზაარბრიუკენის მოედნამდე და ამაღლების ქუჩამდე. რაც შეეხება საბურთალოს რაიონს, საათობრივი პარკირება დაწესდება შარტავას, კოსტავას, პეკინის, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგისა და მიცკევიჩის ქუჩებზე.
„პარკირების ნაწილში ჩვენი მიზანია, რომ ქუჩები გამტარიანი გავხადოთ. რატომ ეს ორი რაიონი? - ძველი თბილისი ტურისტულად მიმზიდველია, ხოლო ვაკე-საბურთალო ძირითადად საოფისე ადგილებია.ამ ორ რაიონში უნდა გავაძლიეროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსები დავამატოთ და მოსახლეობას ვუთხრათ, რომ კერძო ავტომობილებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადმოსხდნენ“, - განაცხადა მუმლაძემ.
თბილისის ვიცემერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, საცხოვრებელი სახლთან ავტომანქანის პარკირება უფასო იქნება. პარკირების ახალი მოდელი ძალაში სავარაუდოდ 2019 წლის იანვრიდან შევა.
ქალაქის ზონებად დაყოფა და ახალი სატარიფო სისტემის შემოღება არ ითვალისწინებს პარკირების ყოველწლიური გადასახადის 50 ლარის გაუქმებას.





