მეტროსადგურების მუშაობის აღდგენამდე ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება
პოლიტიკა

სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროს მუშაობის აღდგენამდე თბილისის მასშტაბით ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება. ამის შესახებ სატრანსპორტო კომპანიაზე დაყრდნობით 1tv-ი წერს.
კომპანიის ცნობით, ამ დროისთვის ყველა მეტროსადგური გაჩერებულია. დეტალებზე კომპანიაში მოგვიანებით ისაუბრებენ.
მეტროს მემანქანეები დღეს დილიდან გაიფიცნენ. პარალელურად მეტროს მემანქანეები გლდანის დეპოს ტერიტორიაზე აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, გაფიცვა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნა, ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდება. მემანქანეების ნაწილი შიმშილობას აგრძელებს.
გუშინ სატრანსპორტო კომპანიამ მემანქანეებს გაფიცვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, კახა კალაძემ კი განაცხადა, რომ გაფიცვის შემთხვევაში მერია კანონის ფარგლებში იმოქმედებდა.
31 მაისს პროფკავშირების გაერთიანებამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაფიცვის უფლების შეზღუდვა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
2018 წლის 21 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ, ამჯერად განუსაზღვრელი ვადით შეზღუდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროფესიულ გაერთიანების წევრებს მეტროს მემანქანეების გაფიცვაში მონაწილეობა „სამუშაო საათების განმავლობაში“ აკერძალათ.
თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 2 აპრილიდან ითხოვენ. თბილისის მერმა არაერთხელ განაცხადა, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეებს ხელფასს არ გაუზრდის.





