მეუფე იობის პოლიტიკური მანიფესტი ამბიონიდან - მეუფის ბრალდებებს არგუმენტების გარეშე განსაკუთრებული სიხარულით მხოლოდ ოპოზიცია შეხვდა. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
პოლიტიკური მანიფესტი ამბიონიდან! გადაცემას მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის მეუფე იობის სკანდალური განცხადებებით ვიწყებთ. პოლიტიკურ ტრიბუნად ამბიონი ადრეც არაერთხელ უქცევიათ, მაგრამ როდესაც მაღალი იერარქი მძიმე ბრალდებებს კონკრეტული არგუმენტებისა და მტკიცებულებების გარეშე ავრცელებს, ეს ძალიან რთული მოსასმენია, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ.
მან აღნიშნა, რომ მეუფე იობის განცხადებებმა მმართველი გუნდის და საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია და მეუფის ბრალდებებს არგუმენტების გარეშე განსაკუთრებული სიხარულით მხოლოდ ოპოზიცია შეხვდა.
„საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ მეუფე იობის დღევანდელი პოზიციის უკან პატრიარქობის საკითხთან დაკავშირებული პირადი წყენა დგას, რომელიც ვერა და ვერ გადალახა. რამდენიმე სასულიერო პირმა კამერის მიღმა, სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ მროველ-ურბნელი ეპისკოპოსის ბოლოდროინდელი ნაბიჯები ეწინააღმდეგება უწმინდესის ანდერძის სულისკვეთებას.
მათ გაიხსენეს ილია მეორის გარდაცვალების პირველივე წუთები და პატრიარქის გადაწყვეტილების, ფაქტობრივად ანდერძის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი.
საქმე ეხება ილია მეორის მიერ 9 წლის წინ დაწერილ ბრძანებას, სადაც კათოლიკოს-პატრიარქმა მოსაყდრედ მეუფე შიო დაასახელა და ღალატად მოიხსენიეს ყველა იმ სასულიერო პირის პოზიცია, რომელიც ამ ანდერძის ერთგულებით არ გამოირჩეოდა, მათ შორის გაიხსენეს მეუფე იობის პოზიცია, მაგრამ კამერების წინ ლაპარაკს მაინც მოერიდნენ.
ჩვენ გადავხედეთ მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის მიერ წლების განმავლობაში გაკეთებულ საჯარო განცხადებებსა თუ მის ქადაგებებს. წარსულში მას არაერთხელ გამოუხატავს მხარდაჭერა ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ და გაუკრიტიკებია ისინი, ვინც ეკლესიის სახელით უპირისპირდებოდა ეკლესიას, უწმინდესსა და ხელისუფლებას.
რა შეიცვალა ახლა? რა გახდა სასულიერო პირის პოზიციის ასეთი მკვეთრი ცვლილების მიზეზი და სად გადის ზღვარი პირად წყენას, სულიერ პასუხისმგებლობასა და პოლიტიკურ განცხადებებს შორის?
ნახეთ მარიამ ოშხნელის საავტორო რეპორტაჟი - მაღალ იერარქზე, რომლის ბოლოდროინდელმა ქცევამ ყველა დაამწუხრა, თუმცა ამბიონიდან გახმიანებული ბრალდებები არ ნიშნავს, რომ ისინი უსიტყვოდ უნდა გაიზიარო“, - აღნიშნა ირაკლი ჩიხლაძემ.





