ირაკლი ხელაძე: დიალოგისთვის ყოველთვის მზად ვართ, თუმცა ის საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით უნდა წარიმართოს
პოლიტიკა

ირაკლი ხელაძე
ფოტო: ვიდეოკადრი
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ხელაძე, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს განცხადებებს გადაცემა „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა. ბერსემ აღნიშნა, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და რომ ყურადღებით აკვირდებიან საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს.
ხელაძის თქმით, ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ საქართველოს ხელისუფლება უკვე დიდი ხანია ითხოვს დიალოგს, რათა საზოგადოებამ უკეთ გაიგოს, რეალურად რა მიზნები აქვს ევროპულ ბიუროკრატიას საქართველოსთან მიმართებით.
„მომავალში გამოჩნდება, თუ რა კონტექსტშია გაკეთებული ეს განცხადება. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და ქართულ მართლმსაჯულებაზე ზეწოლა, რა თქმა უნდა, ამ პროცესებში უხეშ ჩარევად აღიქმება.
ასევე, ალენ ბერსე დიალოგის უალტერნატივობაზე საუბრობდა. ჩვენი პოზიცია ყველასთვის ცნობილია — ჩვენ უკვე დიდი ხანია ვითხოვთ დიალოგს, მათ შორის ევროპელ ბიუროკრატებთან საჯარო დიალოგს, რათა საზოგადოებამ უკეთ გაიგოს, რეალურად რა მიზნები აქვს ევროპულ ბიუროკრატიას საქართველოსთან მიმართებით და რა მიზანი აქვს ხელისუფლებას.
გააჩნია, რაზე იქნება დიალოგი და რა ფორმატში წარიმართება. თუ დიალოგი კვლავ შანტაჟის, დაშინებისა და მუქარის ელემენტებით წარიმართება, ჩვენ ამ პროცესის მონაწილე ვერ ვიქნებით.
ქართული საზოგადოებისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რომ პერიოდული განცხადებების მიუხედავად, მუდმივად გრძელდება ქართულ მართლმსაჯულებაზე თავდასხმა და ზეწოლა, ასევე მცდელობა, რომ ეს ყველაფერი მის გადაწყვეტილებებში აისახოს. თუმცა, ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში შევქმენით ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც კარგად პასუხობს ასეთ უხეშ განცხადებებსა და ნებისმიერ თავდასხმას და არ სცდება სამართლიანობის პრინციპს.
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ნებისმიერ დონეზე სასაუბროდ, მაგრამ ეს საუბარი საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით უნდა წარიმართოს“, — აღნიშნა ხელაძემ.




