გიორგი გაბუნია: ბინძურ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი BBC-ის მიერ გავრცელებულ სიუჟეტში, რისი ერთადერთი მიზანიც იყო, რომ დაეზიანებინათ საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი
პოლიტიკა

გიორგი გაბუნია
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ბინძურ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი BBC-ის მიერ გავრცელებულ სიუჟეტში, რისი ერთადერთი მიზანიც იყო, რომ დაეზიანებინათ საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ.
მისი თქმით, ცილისწამებისთვის ყველა პასუხს აგებს.
„BBC უნდა მოემზადოს ხანგრძლივი სამართლებრივი დავისთვის. ყველა იმ ადამიანმა, რომელიც იყო ჩართული და რომელთაც გააზრებული ჰქონდათ, რომ მიზანმიმართულად დაებრალებინათ საქართველოსთვის უმძიმესი ბრალდება, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ სიუჟეტში, პასუხი უნდა აგოს ცილისწამებისთვის“, - აღნიშნა გაბუნიამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბრის ღამით, გამოყენებული იყო ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი, აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას, ხოლო „ბრომობენზილ ციანიდი“, იგივე „კამიტი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასოდეს შეუძენია.
BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.





