საქართველოს უახლოეს ხანში ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა
პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი
ფოტო: nato.int
საქართველოს უახლოეს ხანში ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა. ამის შესახებ „ქრონიკის“ კითხვის პასუხად თავად სტოლტენბერგმა განაცხადა.
კითხვაზე, რა შეგიძლიათ გვითხრათ საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავების შესახებ, ომისა და ტურბულენტური პერიოდის კონტექსტში? ასევე, რას შეიძლება ველოდოთ ივლისში, საქართველოს მომავალი გაწევრიანების კონტექსტში, სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ საქართველო ნატოს პარტნიორია.
„საქართველო ნატოს ღირებული პარტნიორია. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს, ისევე, როგორც ყველა ქვეყანას, აქვს უფლება, აირჩიოს თავისი გზა. საქართველოში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და ისევ ვეწვევი ახლო მომავალში, რათა კიდევ უფრო გავაძლიერო ჩვენი პარტნიორობა. საქართველოს მიმართ ჩემი გზავნილია, რომ რეფორმები მნიშვნელოვანია. ნატოს აქვს მთავარი ღირებულებები - დემოკრატია, კანონის უზენაესობა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო შეესაბამებოდეს ამ სტანდარტებს, როდესაც ის მიიწევს წინ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.





