„ქრონიკის“ ექსკლუზივი - კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ ახალ გარიგებებს იწყებს
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI
კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ ახალ გარიგებებს იწყებს. „ქრონიკას“ ექსკლუზიურად მიაწოდეს ფოტო ლონდონიდან, სადაც ჩანან ყოფილი სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი, ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთში გიორგი ბადრიძე, ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი და სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი დავით ტყეშელაშვილი.
როგორც „ქრონიკის“ წყარო ამბობს, ამ შეხვედრაზე დავით კეზერაშვილსა და დავით ტყეშელაშვილს ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა და ყოფილმა ელჩმა მიაწოდეს ინფორმაცია იმ მოლაპარაკებების შესახებ, რომელსაც ისინი ბრიტანელ ლობისტებთან მართავენ.
კერძოდ, საიდუმლო მოლაპარაკებები იმართება ერთ-ერთ ბრიტანულ კომპანიასთან, რომელმაც საქართველოში უნდა მოახდინოს ანტისახელისუფლებო კამპანიის ლობირება მთავრობის დისკრედიტაციის მიზნით, რა დროსაც გამოკვეთილი უნდა იყოს ე.წ. რუსული ხაზი და სააკაშვილის წამების თემა. ასევე, კეზერაშვილის დაფინანსებული ტელევიზიებისთვის, საერთაშორისო მედიების დახმარებით, კონკრეტული თემები ხელოვნურად შეიქმნას.
ამავე წყაროს ინფორმაციით, იმის გამო, რომ ლობისტურ კომპანიასთან გაფორმებულმა კონტრაქტმა ხმაური არ გამოიწვიოს, მხოლოდ 100 000 ფუნტის ღირებულების კონტრაქტი გაფორმდება, ხოლო დანარჩენი გადაიხდება ქეშად. რამდენ მილიონზეა საუბარი ამ დროისთვის „ქრონიკისთვის“ უცნობია.
შეხვედრაზე გამოითქვა უკმაყოფილება, რომ აქამდე წარმოებულმა კამპანიამ ქვეყნის წინააღმდეგ ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო, ამიტომ გადაწყდა ახალი ლობისტური კომპანიის დაქირავება. აღსანიშნავია, რომ ფოტოზე არიან თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი და სააკაშვილის ადმინისტრაციის უფროსი დავით ტყეშელაშვილი.





