თიკო ქობულაშვილი
„თბილისი პრაიდის“ მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის ტერიტორია დატოვეს
პოლიტიკა

ფოტო: თიკო ქობულაშვილი
„თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებმა, მონაწილეებმა და მხარდამჭერებმა მთავრობის ადმინისტრაციის ტერიტორია პოლიციის თანხლებით დატოვეს.
მათ აქციის ადგილის ყვითელი ავტობუსებით დატოვებაზე უარი თქვეს და პოლიციამ ისინი მიკროავტობუსებით გაიყანა.
მანამდე თბილისი პრაიდის” ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი თაბაგარმა განაცხადა, რომ ორშაბათიდან განახლდება მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან, რათა დაიგეგმოს „თბილისი პრაიდის” კვირეულის უსაფრთხოდ ჩატარების საკითხი.
თავდაპირველად, მთავრობის ადმინისტრაციასთან პროტესტის გამოხატვა, ლგბტ თემის წარმომადგელებმა და მათმა უფლებადაცველებმა დაგეგმეს. ამით ისინი საპატრიარქოს განცხადების გაპროტესტებას აპირებდნენ.
თუმცა იქ მისვლა მათ ქართული მარშის და სამღვდელოების წარმომადგენლებმა დაასწრეს, რომლებიც ამბობენ, რომ არ დაუშვებენ ლგბტ თემის წევრების შეკრებას.
კონტრაქციაზე მივიდა ლევან ვასაძეც, რომელმაც განაცხადა, რომ პრაიდის ჩატარებას არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს. ამ ორ საპროტესტო აქციას, ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი ჰყოფდა.
ბოლო მონაცემებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე 10 ადამიანი დააკავეს.
14 ივნისს საპატრიარქომ მოუწოდა ხელისუფლებას, არ დაუშვას ლგბტ პრაიდის ჩატარება, რომელიც თბილისში 18-23 ივნისს არის დაგეგმილი. „თბილისი პრაიდი“ 18 ივნისს საერთაშორისო კონფერენციით გაიხსნება და 23 ივნისს ღირსების მარშით დასრულდება.





