Imedi
პუტინი: ტრამპის მიმართ ნდობა საგრძნობლად შემცირდა
მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსეთ-ამერიკას შორის არსებულ ურთიერთობებს აფასებს. პუტინის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ ნდობა როგორც სამუშაო, ისე სამხედრო თანამშრომლობის მიმართულებით, შემცირდა.
ამის შესახებ რუსეთის პირველმა პირმა Мир-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ოფიციალურ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა სირიაში, ასადის რეჟიმის მიერ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებისა და ამის საპასუხოდ აშშ-ის მიერ სირიაზე მიტანილი ავიაიერიშების შემდეგ დაიძაბა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ "ოფიციალურმა მოსკოვმა არ შეასრულა სირიაში ქიმიური იარაღის განადგურების ვალდებულება და რუსეთი ქიმიური თავდასხმის შესაძლო თანამონაწილეობაში დაადანაშაულა. მან რუსეთს ულტიმატუმიც წაუყენა და ასადის რეჟიმსა და აშშ-ის შორის არჩევანის გაკეთება მოსთხოვა. ტილერსონი ამ დროისთვის მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.





